14 აგვისტო, 2019

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: “მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ”

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: "მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ"ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე ყინწვისში მის პირველ ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოსულა:

“ყველა დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ახალი რუის-ურბნისის კრებაა სასწრაფოდ ჩასატარებელი!…

ბავშვობიდან მოყოლებული ნატვრად მქონდა ქცეული ყინწვისის მონასტერში ასვლა, მოლოცვა თამარ მეფის და “ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოზის” იმ ფრესკების საკუთარი თვალით ნახვა, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში იყო ფურცლებზე გადმოტანილ-აღბეჭდილი…

სკოლის და, ამასთან ერთად, სტუდენტობის წლებიც ისე გავიდა, ძამის ხეობაში მიზეზთა გამო ვერ მოვხვდი…
ამ უქმეებზე გეგმები შემეცვალა, კვირა დღე გამომითავისუფლდა და ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ,

გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი ძამის ხეობაში და, შესაბამისად, მენახა ყინწვისიც.

იმდენად დიდი იყო მოლოდინი, ღამე წესიერად არც მეძინა. დილით გამიასმაგდა ეს მოლოდინი….

სამწუხაროდ, ადგილზე მისული იმედგაცრუებული დავრჩი… არა იმიტომ, რაც ამ დღეებში იწერება ყინწვისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით… არამედ იმიტომ, რომ იქ მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირისგან მივიღე დაუმსახურებელი აგრესია… ცივი, ცივზე ცივი მზერა ჯერ კიდევ თვალწინ მიდგას. არაკეთილგანწყობლური დამოკიდებულება და ა.შ…

გულშიც კი არ გამივლია იმ ლაპლაპა მეტლახის გადაღება-დაფიქსირება თუნდაც მალულად, რადგან ჩემს ინტერესში არანაირად არ შედიოდა იმ მეტლახის “გამოჭენება” და ხელახლა წყლის ნაყვა.

ყველა ჩემს სამეგობროში ვინც მიცნობს “პირადად” და ასე ფეისბუქის საშუალებით კი იცით, რომ არასდროს მსგავს თემაზე სიტყვა არ დამიწერია… არაა ჩემი სტილი ეკლესია, ან ეკლესიაში მოღვაწე და იქ მიმდინარე მოვლენები განვსაჯო.

ამ შემთხვევაშიც ჩემი მიზანი იყო ტაძრის მოლოცვა და ფრესკების საფუძვლიანად დათვალერება.
ტაძრის მოლოცვის შემდეგ რამდენიმე ფოტო (5-ან 6) ფრესკებს მაინც გადავუღე, მიუხდავად იმისა, რომ შესასვლელში ფოტოგადაღების ამკრძალავი ნიშანია გამოკრული. (საინტერესოა რის საფუძველზე?!).

ის იყო, გამოვრთე ციფრული და მორჩილმა “გამფაქტა”. აშკარად არ ესიამოვნა ციფრულით ხელში რომ დამინახა. ცივი მზერით მკითხა: – “კურთხევა გაააქვს რომ იღებ?! იცი რომ აქ გადაღება არ შეიძლება?!”
რატომ არ შეიძლება-მეთქი… ფრესკებს სოკო აქვს გაჩენილი და რომ არ დაზიანდესო….
გულში ვფიქრობ, ვუთხრაა, როგორ ვუთხრა… “მეტლახის დაგება და მტვერი არ აზიანებს თურმე ფრესკებს, ზოგადად ძეგლს და მე თუ ფოტო გადავიღე, ეგ ნალესობიანად შლის მხატვრობას?!…“

გავჩუმდი, არ შევეპასუხე… უცებ გავიდა გარეთ… მე ცოტა ხანი ტაძარში დარჩენა ვარჩიე… ბოლომდე რომ დავმტკბარიყავი ტაძრის ინტერიერით…
თამარის ფრესკას და “ყინწვისის ანგელოზს” მორიგეობით თვალს ვერ ვაშორებდი და ამასობაში იმ მორჩილს შემოყვა ორი ახმახი… აშკარად არ იყვნენ მღვდლები… მორჩილები იყვნენ ალბათ…
თვალით ანიშნა – “ეს ისააო”..
მოვიდნენ ეგრევე ცხვირწინ დამიდგნენ… არც გამარჯობა უთქვამთ, არც მშვიდობა და არც არაფერი… რაც, როგორც წესი, ახასიათებთ სასულიერო პირებს… როცა სტუმარს ხვდებიან…

ცალსახა იყო ის აგრესიული მზერა, დამოკიდებულება, არაკეთილგანწყობა რაც მათ თვალებსა და სახის მიმიკებში იკითხებოდა… და სწორედ ასეთივე ტონით “რატომ გადაიღე ფოტოები?!” “არ შეიძლებოდა თქო”… “არაო…”
გავჩუმდი… არ მინდოდა კამათში შეყოლა, დავიდარაბაში რომ არ გადაზრდილიყო ეს “შენიშვნა”, მითუმეტეს, ამ ყველაფერს ტაძარში მყოფი 30-40 კაცი უყურებდა და ისმენდა.
რახან შემატყო ხათრიანი გამოვდექი, უფრო მეტი აგრესიით გადმოვიდა…
(ქუჩური, ძველბიჭური აქცენტით და ისევ აგრესიული ტონით “ერთი მაჩვენე რაები გადაიღეო”).
ვაჩვენე. საკუთარი თვალით ნახა… რამდენიმე ფრესკის და ექსტერიერიდან სახურავზე მოსკუპებული ეკლესიის მაკეტების და ყოჩების ქანდაკების ფოტოები მქონდა…
“ახლავე წაშალე ყველა ფოტო, მიდი, გიყურებ, წაშალე… გელოდებიო…” დამადგა სამივე თავზე და ვიდრე ყინწვისში გადაღებული ყველა ფოტო არ წამაშლევინეს საკუთარი ხელით… ადგილიდან არ დაიძვრნენ…
ნერვებისგან ხელ-ფეხი ამიკანკალდა, ისე გამიფუჭდა ხასიათი, მთელი დღე ვერ გამოვიკეთე…

ასეთი არაკეთილგანწობა არსად და არასდროს არ მიგრძვნია, არცერთ მონასტერში…
შენიშვნაც მოუციათ წესიერად, ლმობიერი ტონით და დავყოლილვარ მათ ნება-სურვილს…
ხომ შეიძლებოდა ყინწვისშიც ასე ყოფილიყო… წესიერად, როგორც შეფერის, კაცი – კაცს, სასულიერო პირი – რიგით ქრისტიანს და როგორც ადამიანი – ადამიანს… ისე დამლაპარაკებოდნენ და მომქცეოდნენ…
მაგრამ არა, ყველაფერი პირიქით მოხდა. მითუმეტეს, რომ არც შორტებით ვიყავი და არც მეტლახის ფოტოები არ მქონდა გადაღებული…
ყინწვისში ვიყავი პირველად და ალბათ უკანასკნელად… მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს არ წამოვსულვარ….
მონასტერი უნდა იყოს სიკეთის, რწმენის, სიმშვიდის, ღმერთთან სიახლოვის ნავსაყუდელი და არა ის, რაც მე იქ ვნახე.

საბედნიეროდ, ძამის ხეობაში კიდევ სხვა ბევრი მონასტერია… სადაც თბილი, მოსიყვარულე, შეგნებული, გაწონასწორებული სასულიერო პირები მოღვაწეობენ… და იმ მონასტრებში სამომავლოდ კიდევ ბევრჯერ მივალ!
შე კაი ადამიანო, თუ მონასტერს კეთილმა კაცმა 20 ათასი შემოგწირა… რაღა ტაძრის მიმეტლახება მოგივიდა აზრად?! წადი გლახაკ გაჭირვებულს დაეხმარე ან, ისეთ ეპარქიებს, სადაც მართლა უჭირთ მონასტრებს…

და ვინც ეს ვანდალიზმი ჩაიდინა ყინწვისში, ვისაც აზრად მოუვიდა რვა საუკუნოვანი ტაძრის მეტლახით “შელამაზება”, დაუყონებლივ უნდა აგოს პასუხი როგორც ამას კანონი ითვალისწინებს…”