10 აგვისტო, 2019

ანზორ ერქომაიშვილი – 300-წლიანი მომღერალი გვარის მარგალიტი

ანზორ ერქომაიშვილი - 300-წლიანი მომღერალი გვარის მარგალიტიანზორ ერქომაიშვილი – 300-წლიანი მომღერალი გვარის ნამდვილი მარგალიტია. მისი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი და ლოტბარი გახლდათ.

ანზორ ერქომაიშვილი ამ ფაქტზე განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს:

”300 წლის მანძილზე მღეროდა ჩემი გვარი. ამ ხნის განმავლობაში, ეტყობა, ჩვენში ჩამოყალიბდა გარკვეული გენი, რაც ჩემზეც გადმოვიდა.

ბაბუას სასულიერო პირად ამზადებდნენ და იმ მძიმე წლებში აღარ დასცალდა. იმის გამო, რომ მთელი ჩვენი გვარი მგალობელი იყო, ცხადია, ღრმადმორწმუნეობითაც გამოირჩეოდნენ. მართალია, ჩვენ ათეიზმის ეპოქაში გავიზარდეთ, მკაცრად გვიკრძალავდნენ ეკლესიაში შესვლას, მაგრამ თვითონ მე ბუნებით მორწმუნე ვიყავი. ბავშვობაში ვლოცულობდი, ბებია მასწავლიდა ლოცვებს.

სხვათაშორის, ერთადერთი კაცი გახლდით ჩემ გარემოცვაში, რომელმაც ისე გავიარე მთელი ცხოვრება კომუნისტურ ეპოქაში, რომ პარტიის წევრი არ ვყოფილვარ. ვერაფრით შემიტყუეს პარტიაში, რაღაცნაირად ვისხლეტდი ამას და სამშვიდობოს გავდიოდი.

ედური კვერნაძე მყავდა მეგობარი, დაიღუპა საწყალი. მახსოვს, სიონის წინ, აღდგომის წინა დღეს მივდივართ, უცებ მოგვეპარა ვიღაც კომკავშირელი და კადრები გადაგვიღო, რათა მეორე დღეს “ახალგაზრდა კომუნისტში” გამოვეჭენებინეთ. გამოეკიდა ედურა, დაიჭირა და ურტყა. ისეთი დრო იყო, შინაგანად მორწმუნე კაცი ეკლესიის მახლობლად ვერ გაივლიდა.”