13 ივლისი, 2019

ბუბა კიკაბიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუ

ბუბა კიკაბიძის ყველაზე გულწრფელი ინტერვიუმომღერლისა და მსახიობის ბუბა კიკაბიძის ინტერვიუ ერთ-ერთ უცხოურ ტელევიზიასთან რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ყველაზე გულწრფელი გამოვიდა:

“საოცარი ახალგაზრდობა გვყავს. მიტინგებზე ყოველდღე იკრიბებიან და როცა სრულდება შეკრება, იმ ადგილს თვითონვე ასუფთავებენ. ასეთი რამ სხვაგან არსად მინახავს.

ახალგაზრდობა გავიდა რუსთაველზე და მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, ისინი 20 ივნისიდან იქ დგანან და არსად აპირებენ წასვლას მანამ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ წავა თანამდებობიდან. მაგრამ ის არ აპირებს წასვლას.

გავრილოვის პარლამენტში მისვლამ და სავარძელში ჩასმამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ერთ საათში მოგროვდა იქ ხალხი და დღემდე ყოველ საღამოს იკრიბებიან. საზოგადოება გააღიზიანა რამდენიმე ფაქტორმა: პირველ რიგში იმან რომ მისი სახელი და გვარი იციან. მან პირველმა მისცა ხმა აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მეორე რიგში, ძალიან ბევრი ქართველი დაიღუპა ომის დროს და მესამე რიგში ის, რომ არავინ იცოდა თუ ჩამოდიოდა.

სულ ვამბობ, ეს იყო ძალიან ცუდი სცენარი. ეს გეგმის ნაწილია. 15-20 წლის წინ ვუყურებდი როგორ ამბობდა ჟირინოვსკი საქართველო გუბერნიად უნდა გადავაკეთოთო. დეპუტატები იხსდნენ, უსმენდნენ, ტაშს უკრავდნენ. მათი გეგმაა საქართველოში ცხოვრება ძალიან გაჭირდეს, ადამიანებმა ცუდად იცხოვრონ და კრემლმა გვთიხრას, რომ დაგვეხმარება და შემოვა საქართველოში.

პატარა ქვეყნის დაღუპვა ძალიან ადვილია. ადამიანები ცხოვრობენ ძალიან ცუდის მოლოდინით. ახალგაზრდობა გარეთაა, ისინი ცხოვრებას სულ სხვანაირად უყურებენ. ეს კრემლმა უნდა გაითვალისწინოს. კრემლში ძველი გაგების ხელისუფლებაა და მათ სიახლეების აღიარება არ უნდათ. რუსეთს ძალიან აღიზიანებს, რომ ჩვენ გვინდა ნატოში, მივილტვით დასავლეთისკენ, გვინდა ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა…

რუსეთის თემა საქართველოში მუდმივია. ეს დიდი ხანია დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში. სულ არის მცოცავი ოკუპაცია, წევენ საზღვრებს, იტაცებენ ადამიანებს, შემდეგ ითხოვენ გამოსასყიდს, ეს მთელი სისტემაა. ადამიანი ცხოვრობს საზღვრის ერთ მხარეს და მისი უახლოესი ადამიანების საფლავები და ეკლესია საზღვრის მეორე მხარეს არის. მას არ შეუძლია არც ეკლესიაში წასვლა, არც საფლავზე გასვლა და ყვავილების მიტანა. განა ეს ნორმალურია?

მე-11 წელი მთავრდება რუსეთის არც ერთ ქალაქში არ ვყოფილვარ, ძალიან მენატრება, ბევრი წერილი მომდის, მწერენ რა დროს პოლიტიკაა, თქვენი სიმღერები გვენატრებაო, მაგრამ ვთქვი უარი და ამით დამთავრდა. როგორ მიმეღო რუსეთში ორდენი, როცა მათი ტანკები ჩემს ქვეყანაში იდგნენ, შემრცხვებოდა შვილიშვილებისთვის თვალებში ჩახედვა. შვილიშვილი რომ გაიზრდება მერე სახეში შეგაფურთხებს, იმიტომ რომ თანამედროვე ახალგაზრდაა და სულ სხვანაირად აქვს ტვინი მოწყობილი.

რაც შეეხება ტურისტებს, ისინი ჩვენი ქვეყნიდან ძალიან კმაყოფილები მიდიან. პუტინმა ჩაკეტა საჰაერო გზები, მაგრამ დარწმუნებული ვარ სხვა ქვეყნების გავლით მაინც ჩამოვლენ ჩვენთან რუსები.

სულ ვამბობ რომ პოლიტიკა ერთია და ხალხი მეორე, მაგრამ რუსეთის მოქალაქეებს შორის ბევრია, ვისაც პუტინის პოლიტიკა მოსწონს. რუს პოლიტიკოსებს სწყინთ, რომ ჩვენ ოკუპანტებს ვეძახით, აბა რა ჰქვია ადამიანს, რომელიც შენს მიწას გართმევს და მავთულხლართებს აბამს? ზუსტად ეს არის ოკუპაცია.

პუტინს რომ შევხვედროდი, ვეტყოდი, რომ მას ძალიან ცუდი სცენარისტი ჰყავს. არასწორია – ჩვენ ორი მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ, ძალიან მეგობრულები უნდა ვიყოთ, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. იმისთვის რომ შევრიგდეთ, უნდა შეიცვალოს ხელისუფლება აქაც და იქაც. რუსეთს ძალიან კარგად ესმის, რომ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები და არ გვაძლევს ამის საშუალებას, ამიტომაც ხდება ყველაფერი, რაც ხდება – დაგვიკეტეს საჰაერო სივრცე, აკრძალეს ღვინო და გვსჯიან.”