26 ივნისი, 2019

ვინ ამოიღო მიზანში მწერალთა სახლი?

მწერალთა სახლი გაქურდესმწერალთა სახლი, რომელიც მაჩაბლის 13 ნომერში მდებარეობს, გაუქმდა. სახლი, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმთავრესი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბების მომსწრეა.
ნატაშა ლომოური, მწერალთა სახლის ხელმძღვანელი:
“რა უცნაური ბედი აქვს სახლს მაჩაბლის ქუჩის 13-ში!
როდესაც დათიკო სარაჯიშვილმა ის 1905 წელს ააშენა – დასავლური და აღმოსავლური სტილის უნიკალური ნაზავის ეს სახლი, იმთავითვე იქცა იმდროინდელი თბილისისა და მთელი ქვეყნის სიმბოლოდ. არ არსებობდა ნაკლებად თუ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში, რომლის შესახებ მსჯელობაც ამ სახლის კედლებში არ გამართულიყო. აქ წყდებოდა პირველი ქართული უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსების საკითხი, აქ იხილებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის ნიუანსები, აქ ყვებოდა ექვთიმე თაყაიშვილი თავის ექსპედიციებზე და იღებდა უპირობო დახმარებას. ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს.
1937 წელს პაოლო იაშვილის თვითმკვლელობამ უკვე მწერალთა კავშირის შენობაში ზუსტად ასახა იმ პერიოდში არსებული ბოროტება და წითელი ტერორი.
საბჭოთა კავშირის დაშლა, არეულობა, განუკითხაობა, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის წლები, განათლებისა და წიგნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა – ეს ეტაპები ჩვენი ქვეყნის კვალდაკვალ, ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით გაიარა მაჩაბლის 13-მა.
დღეს, ძლივს განახლებული და კაშკაშა სახლი, ყველა უცხოელი მწერლის, მთარგმნელის, ფოტოგრაფის და ჟურნალისტის, ყველა უცხოელი პოლიტიკოსის და დიპლომატის აღფრთოვანებას იწვევს რადგან მისი შინაარსი ისეთივე არაჩვეულებრივია, როგორც არქიტექტურა და დახვეწილი დიზაინი.
დღეს ამ სახლს და მის ისტორიას უამრავი მოსწავლე და სტუდენტი ეცნობა; მწერალთა სახლი თავისი საგანმანათლებლო პროგრამებითა და პროექტებით ნებისმიერ მსგავსი ტიპის ინსტიტუციას თუ მუზეუმს გაუწევს კონკურენციას.
და, რა თქმა უნდა, დღეს ამ სახლის კარი ყველაზე ფართოდ არის გაღებული მწერლებისთვის, ქართული სიტყვისთვის, განათლებისთვის და თავისუფალი შემოქმედებისთვის ვიდრე როდესმე ყოფილა.
მაპატიეთ თუ ამბიციური განცხადებაა, მაგრამ ისე გამოდის, რომ დღესაც მაჩაბლის სახლი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სარკე და ანარეკლია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო განვითარებაზე, განათლებაზე, საზოგადოების ღიაობასა და პროგრესზე ორიენტირებული პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ცენტრის, პირდაპირი გაგებით, ოაზისის მიზანში ამოღება, დაშლა და დასუსტება! როგორც ჩანს, ფრაზა „რატომ კარგი აგიგია“ სულ აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში…
მაპატიეთ ამ გრძელი სტატუსისთვის – რა თქმა უნდა, მესმის რომ დღეს რუსთაველზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი წყდება, ვიცი, რომ გარდამტეხი ბრძოლა მიდის იქ, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს საკითხიც იმ დიდი ბრძოლის ნაწილია.”