ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს

ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს– ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს – ასე ჰქვია ანზორ სალუქვაძის ლექსს, რომელიც ცისფერყანწელების გამორჩეულ წევრებს ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს ეძღვნებათ:

”ეჰ, თოვლში ვწევარ, თოვლი ვარ და თოვლითვე ვიწვი…
მატარებლიდან გადმომაგდეს ქოლერის იჭვით.
არც მენაღვლება – სხვა სადგურზე დამხვდებით ვიცი
სამი თვითმკვლელი: ესენინი, შენ და ის ბიჭი!
მაინც რა მოხდა? უმწიფარი ვჭამეთ რა ხილი?
თებერვლის თვეში ვინ მიგვიხმო მკრეფავად ყურძნის?
ვისი ხმა გვესმა ავბედითი, ვისი ძახილი?
ვისი მუდარა, ვისი წყევლა, არავინ უწყის!
თეთრი ქარბუქი წამოიღებს ჩემს ფიქრებს მწარეს
და შენს საფლავთან გარინდდება ვით ცივი ლანდი!
მერე თოვლისფერ მიხაკებით მიმორთავს არეს:
ბედი… არგვეთი.. ოცდაერთი… ელდა… ტალანტი!
როგორ მშურს შენი, რომ იცოდე, ჩვენს ძმობას ვფიცავ,
თვითონ რომ წახველ სანადიროდ ქარონის ნავით,
რომ ცივ ციმბირზე არ გაცვალე თბილისის მიწა
და შენივ ტყვიით მიალურსმე სამშობლოს თავი!”