3 ივნისი, 2019

თედო რეხვიაშვილმა საქართველოსთვის მსოფლიო არტისტები გააერთიანა

თედო რეხვიაშვილმა საქართველოსთვის მსოფლიო არტისტები გააერთიანაახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა საქართველოსთვის მსოფლიო არტისტები გააერთიანა:

“რუსეთი ოკუპანტია!

მე ვარ თედო რეხვიაშვილი, ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი.

დღეს ჩემი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

მიმაჩნია, რომ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და მშვიდობა – ეს ის არსებითი მნიშვნელობებია, რომლის გარეშეც ვერ ვიქნები თავისუფალი და ბედნიერი მოქალაქე. ამ მწვავე და მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად, პირველ რიგში, ჩვენს თავთან გვმართებს მუშაობის დაწყება.

ვფიქრობ, რომ იმისთვის, რათა ვიქცეთ ძლიერ სახელმწიფოდ, თითოეულმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე. თუკი დიდი და გრძელვადიანი შრომის შედეგად გვეყოლება ძლიერი და პროფესიონალი მოაზროვნეები, მეცნიერები, პოლიტიკოსები, ხელოვანები, სპორტსმენები, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას სჭირდება, ჩვენ ავტომატურად გავხდებით ძლიერი და საჭირო ერი, რომლის დაჩაგვრა, დანაწევრება და გაქრობა ძნელი იქნება.

მე მაქვს ჩემი და მომავალი თაობების იმედი, რომლებიც ჩამოვყალიბდებით ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ვისწავლით აზროვნებას, გავხდებით პროფესიონალები, დავიწყებთ საქმის სიყვარულით კეთებას, პრობლემის კონსტრუქციული გზებით გადაჭრას და განვავითარებთ საქართველოს. მსოფლიოს თავისუფალ მოქალაქეებთან ერთად ჩვენ ვწერთ საქართველოს თავისუფლების ისტორიას!”