ქართული მეკურტუმეობა კულტურული თავისებურებებით

ქართული მეკურტუმეობა კულტურული თავისებურებებით– ქართული მეკურტუმეობა ბევრი კულტურული თავისებურებით ხასიათდებოდა, – ამბობს დრამატურგი ირაკლი კაკაბაძე და ქართული მეკურტუმეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის:

“როდესაც 2013 წელს ვთქვი, რომ საქართველოში ჰომოსექსუალობის (ანუ მეკურტუმეობის) საკუთარი ტრადიციები არსებობდა-მეთქი, კონსერვატორებიც და ლიბერალებიც ერთნაირად გამებუტნენ.
ქართული ხალხური მეკურტუმეობა იყო აბსოლუტურად განსხვავებული მოვლენა და ჩვენი ერის მეტად საინტერესო ფსიქო-კულტურული თავისებურებები ახასიათებდა. როდესაც დღევანდელი ლიბერალები გვიმტკიცებდნენ, რომ ეს მოვლენა ძველ საქართველოში მთლიანად აკრძალული და შერისხული იყო – ეს არაა მართალი.

რელიგია ყველგან და ყველა ქვეყანაში ყოველთვის მოუწოდებს ადამიანს თავშეკავებისაკენ – როგორც ჰეტერო-სექსუალებს (ცოლის და ქმრის ღალატისგან), ასევე ჰომოსექსუალებს. ვინც მორწმუნეა, მისთვის ყველანაირი ღმერთისგან უსანქციო (ქორწინების გარეშე) სექსი გარყვნილებაა. მაგრამ ფოლკ-კულტურა სხვა რამეა. აქ ბევრი რამე დაშვებული იყო.

სხვათაშორის, კავკასიური და კერძოდ ქართული მეკურტუმეობა (სჯობია ქართული და კულტურული ლექსიკონით ვისარგებლოთ და არა იმპერიალიზმის დისკურსით თავსმოხვეულით) ბევრი კულტურული თავისებურებით ხასიათდებოდა და მათ წინააღმდეგ განსაკუთრებული დისკრიმინაცია არ ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცნობილი მეკურტუმე კინტო იყო, მაგალითად უშანგი უჯმაჯურიძე. და ისინი ბალადებსაც მღეროდნენ სასიყვარულოს და მათ ამის გულისათვის არავინ ხოცავდა.

კინტოს კულტურა თბილისში (და არა მარტო) სწორედაც რომ ამას ემსახურებოდა. აღმოვაჩინეთ უშანგი უჯმაჯურიძის ბალადა – დიდი მადლობა ირაკლი გოგიას ამ მეკურტუმე ხელოვანის ვინაობის მოძებნაში – და ის ზუსტად აგვიწერს 1950-იან წლებშიც კი შემორჩენილ ხალხურ ტრადიციას – მეკურტუმეობისას. თუმცა ამას საზოგადოება არ უყურებდა დისკრიმინაციის თვალით მაშინ.

საქმეც იმაშია, რომ ყველა ქვეყანას და ყველა კულტურას თავისი ტრადიციები აქვს ნებისმიერი მოვლენისა და თუ ამ ეროვნულ ტრადიციებს გადავუხვევთ, მაშინ ტყუილა გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის. დიახ, ყველა ერმა საკუთარ ტრადიციებს უნდა მისდიოს და არა სხვებისგან გააკეთოს კოპპი პეისტი.

ახლა მოვუსმინოთ უშანგი უჯმაჯურიძის ბალადას სიყვარულზე.”