16 ივნისი, 2019

დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორია

დოდო ჭიჭინაძის უცნობი ისტორიამსახიობ დოდო ჭიჭინაძის შესახებ არაერთი ისტორიაა ცნობილი, თუმცა ამბავი, რომელიც მას მოსკოვში შეემთხვა, ბევრისთვის უცნობია:

მსახიობს მოსკოვში იუბილე მოუწყვეს. მეორე დღეს მარჯანიშვილისთ თეატრში სპექტაკლი უნდა ეთამაშა, მაგრამ მოსკოვში სთხოვეს, ერთი დღე კიდევ დარჩენილიყო. მას არ უნდოდა დარჩენა, რადგან იცოდა, რომ სპექტაკლში დუბლიორი არ ჰყავდა და მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა.

რუსებმა მაინც დაითანხმეს დარჩენაზე და შეპირდნენ, რომ მსახიობი მეორე დღეს თბილისში დილის რეისით ჩაფრინდებოდა. დილას აერპორტში მისულ დოდო ჭიჭინაძეს უთხრეს, რომ ბილეთები აღარ იყო. ხვეწნამ არ გაჭრა, მოლარე გაბრაზებული უხსნიდა, რომ ბილეთი არ იყო.

უცებ სახეზე კარგად დააკვირდა და წამოიძახა, “ღმერთო ჩემო, ჩუკი-მუკი?”

დოდო ჭიჭინაძე მიხვდა, რომ “ჩუკი-მუკი”-ში მოლარემ “ბაში-აჩუკი” იგულისხმა და ის იცნო. მან მსახიობს სთხოვა, მისთვის გვარი ეთქვა და დალოდებოდა.

ცოტა ხანში აეროპორტის დარბაზში გაისმა სიტყვები: “თბილისის რეისზე ბრონირებული ბილეთის მისაღებად გამოცხადდეს დოდო ჭიჭინაძე.”

დარბაზში ერთი ამბავი ატყდა, რადგან იქ საქართველოს ცეკას მდივნები ისხდნენ, თურმე მათაც არ შეხვდათ ბილეთი.

აღელვებულებს დოდო ჭიჭინაძე მშვიდად მიუხლოვდა და უთხრა: “დამშვიდდით ბატონებო, ხელოვნება უმაღლესია!”