ბათუ კრავეიშვილი – ქეთოს იდეალური კოტე

ბათუ კრავეიშვილი - ქეთოს იდეალური კოტეოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში “ქეთო და კოტე” მთავარ როლს ასრულებს. მას პარტნიორობას ულამაზესი მედეა ჯაფარიძე უწევს.

ვახტანგ ტაბლიაშვილმა “ქეთო და კოტე”-ში ცნობილი მსახიობები მიიწვია. მათთან ერთად ფილმში ოპერის მომღერლებიც მონაწილეობენ.

ბათუ კრავეიშვილი თავის დღიურებში იხსენებდა, თუ როგორ აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე:

“თბილისის კინოსტუდია „ქეთო და კოტეს” გადაღების სამზადისში იყო… ჩვენი თეატრიდან საცდელ გადაღებაზე თითქმის ყველა ტენორი გამოიძახეს.

პირველად განზრახული ჰქონდათ ჩემი გადაღება არა კოტეს, არამედ თავადი ლევანის როლში. სტუდიაში გამოცხადებისთანავე, ტანზე თავად ლევანის კოსტიუმი მომარგეს და გრიმიც როლის შესატყვისი გამიკეთეს.

საცდელი გადაღებების შედეგები სახარბიელო არ აღმოჩნდა. დამდგმელმა ჯგუფმა კვლავ განაგრძო საცდელი გადაღებები: იღებდნენ ხან დრამის, ხან ოპერის მსახიობებს, ზოგჯერ უბრალოდ ხალხში ეძებდნენ შესაფერ ტიპაჟს. ტაბლიაშვილის პროფესიულ თვალსა და გამჭრიახ გონებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ არ გაჰყვა ძველ გზას, როგორც ამ 30-40 წლის წინათ ხდებოდა, როცა რეჟისორები შემთხვევით შერჩეულ ტიპაჟებს იყენებდნენ კინოსურათებში.

ტაბლიაშვილმა უარყო ტიპაჟის ქუჩაში ძებნა და გადაწყვიტა, ფილმში მონაწილეობის მისაღებად მოეწვია პროფესიული, მაღალი ოსტატობის მქონე მსახიობები. როცა ტაბლიაშვილმა კოტეს როლში ჩემი გადაღება გადაწყვიტა, იმ დათმობაზე წავიდა, რომ კოტეს რთული ვოკალური პარტია, რომელიც ტენორისთვისაა დაწერილი, ბარიტონს მისცა სამღერლად. მან თავისებურად აღიქვა „ქეთო და კოტეს” სახეები.

კინოსურათის მონაწილეთა შემადგენლობის საბოლოოდ დადგენამ დიდი დრო წაიღო. ბოლოს, მაინც ტაბლიაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, შერჩეული შემადგენლობა დაადგინეს და რეჟისორები ფილმის გადაღებას შეუდგნენ… რეჟისორმა ფილმს სიახლე, სიღრმე და მასშტაბურობა მიანიჭა.

თავადის როლში გადაიღეს ჩემი კოლეგა, ქართული საოპერო სცენის ლომგული – პეტრე ამირანაშვილი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ერთგულად და სახელოვნად ემსახურებოდა ხელოვნებას. გიორგი შავგულიძე, პეტრეს და მე რომ ერთად დაგვინახავდა, გვეტყოდა ხოლმე: ბიჭო, ტაბლიაშვილმა სად მოგნახათ ბიძა და ძმისშვილის როლებში ორი ბარიტონი ერთად? ალბათ, იცის, რა ძალიან გიყვართ ერთმანეთიო.”