26 მაისი, 2019

სანდრო ახმეტელი: “აი, რა მოაქვს თავისუფლებას!”

სანდრო ახმეტელი: "აი, რა მოაქვს თავისუფლებას!"რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავისუფლებაში მხოლოდ წინსვლას ხედავდა და არც ცდებოდა:

“რა დიდებული ამბავთა კორიანტელი ატყდება თავს ქალაქ ტფილისს!

აი რა მოაქვს თავისუფლებას – წინსვლა, წინსვლა და არაფერი სხვა! როგორც შევიტყვე, გოლოვინის გამზირზე, ყოფილ რესტორან „ანონას“ ადგილას სრული დადებითობის სიგიჟე აპირებს ბინის დადებას!

ეს ადგილი გადასცემიათ ჩვენ კეთილ მეგობრებს, „მწერალთა კავშირს“. ალაგში დაუპირებიათ ხელოვნების კაფის გახსნა, სადაც თავს მოიყრის ყოველი შემოქმედებითობის დუღილი, მოიხარშება, დაღვინდება და გარდიქცევა რამე უნიკალურად! ოჰ, თანაც რა საამურია, სულ ჩვენი სცენის ქვეშ რომ მოიყრის, ეს არტისტიზმით გაძეძგილი შეკრებები თავს!

დასახელებაზე ფიქრი უკვე დაუწყიათ „ცისფერყანწელებს“ და სახელ „ქიმერიონზე“ მყარად ყოფილან შეჯერებულნი. მხატვრებს ერთი სული აქვთ როდის გააჭენებენ თავიან მეომბოხე ფუნჯებს კედელზე, მთელი იმპროვიზაციის ქარცეცხლით! ამ ფურცელზედ ჩვენი ლადო გუდიაშვილის ჩანახატია, სწორედაც რომ ასე წარმოუდგენია მომავალი „ქიმერიონი“…

დამოუკიდებელი ხელოვნება დამოუკიდებელ საქართველოში! ეს ასე უნდა იყოს აწ და მარადის!”