ნოდარ დუმბაძის და ჯანსუღ ჩარკვიანის მხიარული ისტორია

ნოდარ დუმბაძის და ჯანსუღ ჩარკვიანის მხიარული ისტორიამწერალ ნოდარ დუმბაძისა და პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის გზები წლების წინ გადაიკვეთა და კარგი მეგობრებიც გახდნენ.

ჯანსუღ ჩარკვიანს ძალიან უჭირდა გურელების ენამოსწრებულობის დაჯერება და ამის შესახებ ნოდარ დუმბაძესაც ხშირად ეუბნებოდა, არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოსო.

ამის დასამტკიცებლად ნოდარმა ჯანსუღი გურიაში სტუმრად მიიწვია. ჩაასხეს პოეტის “ჟიგულში” ბენზინი და წავიდნენ ხიდისთავისკენ. გასცდნენ დაფნარს და მათი თავგადასავალიც საჯავახოს გადასახვევიდან დაიწყო, სადაც გურული გლეხი დაემგზავრათ ჩოხატაურამდე.

ვერ იცნო გლეხმა ვერც ერთი და ზის უკანა სავარძელზე თავისთვის, წყნარად. ჯანსუღი ენას არ აჩერებს, ხუმრობს და დროდადრო ნოდარს გადახედავს ირონიულად, ესეც შენი ენაკვიმატი გურულებიო! მერე გაეცნო გლეხს, პოეტი ვარო და თავისი ახალი ლექსების პატარა ბროშურა აჩუქა. გურულმა გადააბრუნა და ბოლო გვერდზე გადაშალა, იქ, სადაც წიგნებს ფასი აწერია, ხოლმე. პატარა ბროშურა იყო და ფასიც პატარა ჰქონდა – 15 კაპიკი.

გურულს გაეცინა და პირველად ამოიღო ხმა, – ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს, ბიძია, და რას წერ ამფერს, შენი წიგნი 5 კაპიკით ნაკლები რომააო?!

ხმა აღარ ამოუღია ჯანსუღს. ის კი არა, ისე ინერვიულა, გზაზე არხეინად მიმავალი გოჭი გაიტანა. გააჩერეს მანქანა, მიიხედ-მოიხედეს და ნახეს, რომ კაციშვილის ჭაჭანება არაა გზაზე. ახადეს მანქანას საბარგული და ის იყო შიგ გოჭი უნდა ჩაედოთ, რომ მაღალი მთის კალთაზე დაკიდებულ ყანაში მომუშავე გლეხმა გადმოსძახა:

– ნოდარა, ბიჯო, არ მითხრა, ახლა საავადმყოფოში მიმყავს მაი გოჭიო! დადევი მაქანე და მასტუმრე მაგი ხალხი!

ჯანსუღმა საბოლოოდ მოკვაკვა თითი.