ვერა წიგნაძე – ქართული ბალეტის ბრილიანტი

ვერა წიგნაძე - ქართული ბალეტის ბრილიანტიპრიმა-ბალერინა ვერა წიგნაძე ქართული საბალეტო ხელოვნების ყველაზე დიდი ბრილიანტია.

მისი და ვახტანგ ჭაბუკიანის დუეტი დაუვიწყარია. ყველა, ვისაც ეს წყვილი სცენაზე ერთად უნახავს, ერთხმად აღიარებს, რომ ისინი სცენის ნამდვილი ჯადოქრები იყვნენ. ვერა წიგნაძეს ვახტანგ ჭაბუკიანის „დეზდემონასაც” უწოდებენ და სრულიად სამართლიანად.

მართალია ბალერინა ბაქოში დაიბადა, ქორეოგრაფიული სასწავლებელიც იქ დაამთავრა და ამ ქალაქის აზუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრშიც დაიწყო მუშაობა, თუმცა ის პრიმა-ბალერინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გახდა.

ვერა წიგნაძემ 30 წელი იცეკვა. მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა ბალეტში “დონ-კიხოტი”, რომელსაც მოჰყვა ყველა წამყვანი პარტია ცნობილ საბალეტო სპექტაკლებში.

საბალეტო დასს იმ დროს ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა. მასთან ცეკვას ბევრი ბალერინა გაურბოდა, რადგან ამბობდნენ, რომ რთული იყო ისეთ კაცთან ცეკვა, რომელსაც სცენაზე ყოფნის დროს მაყურებელი თვალს არ აშორებდა. გავრცელებულ მოსაზრებას ყურადღება არ მიაქცია ვერა წიგნაძემ და ვახტანგ ჭაბუკიანის გვერდით ცეკვა გაბედა. მსუბუქი ნახტომებით და შეუდარებელი ტექნიკის წყალობით, ვერა წიგნაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა, ვახტანგ ჭაბუკიანისთვის კი შეუცვლელი პარტნიორი გახდა.

ვერა წიგნაძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, „გედის თანავარსკვლავედში“ ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები მიენიჭა.