17 აპრილი, 2019

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურების წინასწარმეტყველება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვისპარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველური განცხადება აღმოჩნდა მწერალ ვიქტორ ჰიუგოსი, რომელიც თავის რომანში “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” პირველივე გვერდზე წერდა, რომ ის შეიძლება მალე აღიგავოს პირისაგან მიწისა.

გიგა ზედანია:

“პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის განადგურება არცთუ მოულოდნელი ამბავი იყო – ბოლოს და ბოლოს, ამ ნაგებობის შესახებ წიგნიდან გავიგე, რომლის პირველივე გვერდზე ეწერა, რომ ის შეიძლება მალე აღიგავოს პირისაგან მიწისა. დიახაც, ჰიუგო ამას წერდა 1831 წელს, რომანის შესავალშივე. მაშინ ნოტრ-დამი იმ პრობლემის წინაშე იდგა – ხოლო ჰიუგო იმ პრობლემას ებრძოდა – რომელიც ჩვენს ეკლესია-მონასტრებს აწუხებს დღეს – თანამედროვე გაუმართლებელი ჩარევები ძველ არქიტექტურაში.

მაგრამ ჰიუგოს წიგნი ბევრად უფრო ღრმადაც მიდის – იქ არის თავი, რომლის სათაურსაც სხვა ენებზე ყოველთვის ორიგინალში აციტირებენ – “ჩეცი ტუერა ცელა”, “ის მოკლავს ამას”. საქმე აქ ისევ ღვთისმშობლის ტაძარს ეხება, რომელსაც, ჰიუგოს აზრით, ნაბეჭდი წიგნი მოკლავს – რომანის მოქმედება ხომ მე-15 საუკუნეში ხდება, წიგნის ბეჭდვა ახალი გამოგონებულია და რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ დასრულდება ცივილიზაცია, რომელიც კათედრალის, ტაძრის, ზოგადად არქიტექტურის იდეაზე იყო აგებული; მას ჩაანაცვლებდა ცივილიზაცია, რომლის ცენტრში წიგნი, როგორც მეორე ბაბილონის გოდოლი იდგებოდა (ნუთუ ბორხესმა თავისი ყველაზე ცნობილი მოთხრობის იდეა აქედან აიღო? ჰიუგო ძალიან კი უყვარდა).

ამიტომ ნოტრ-დამის ხანძარი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ცივილიზაციები მოკვდავია. ხოლო წიგნის ცივილიზაცია, რომელმაც, ჰიუგოს მიხედვით, კათედრალების ცივილიზაცია ჩაანაცვლა, თავად არის გაქრობის გზაზე.

არა, წიგნები დარჩება, ისევე, როგორც დარჩა ნოტრ-დამი მეთხუთმეტე საუკუნიდან დღემდე. მაგრამ ცივილიზაციის მთავარი ობიექტი და მნიშვნელობის შემკრები ინსტრუმენტი წიგნი აღარ იქნება.

ნოტრ-დამის ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში არნახული რაოდენობის მაყურებელმა დაასრულა “სატახტო თამაშების” უახლესი სერიის ყურება. ახალი ცივილიზაციის კათედრალიცა და წიგნიც ეკრანია: ტელეფონის, კომპიუტერის, ტელევიზორის. ხანძრის შესახებაც ეკრანებიდან გავიგეთ. ვაღიაროთ, რომ ის, რაც ეკრანებს უკანაა – ქსელი, მედია, ელექტრონული ინფორმაცია – ბაბილონის გოდოლის მესამე და ყველაზე ლაბირინთული ვერსიაა.

წიგნები დარჩება, მათ შორის ეკრანებზეც. საბედნიეროდ, დარჩება ტაძარიც. რესტავრაციის შემდეგ კიდევ ბევრი ადამიანი მიიღებს ამ კათედრალში ისტორიის გაკვეთილს. ხანძრის მიერ გამოწვეულმა გლობალურმა მყისიერმა წუხილმა (რომელშიც ზოგან დაბოღმილი ხალხის სიხარულიც გამოერია) ისიც გაგვახსენა, რომ დღევანდელი ცივილიზაცია ბევრად უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე.”