ნინო ანანიაშვილის ახალი ტიტული

ნინო ანანიაშვილის ახალი ტიტულიპრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილის წოდებებს მალე ახალი ტიტული მიემატება – ნინო ანანიაშვილი „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტი გახდება.

19 აპრილს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი საბალეტო დასის ხელმძღვანელს, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს „ევროპა ნოსტრას“ საქართველოს საპატიო პრეზიდენტად დაასახელებს.

საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული პროექტები საქართველოდან, რომლებსაც დააჯილდოვებს ევროპა ნოსტრას გენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბატონი კარლ ჰარლცელი.

საღამოზე წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ვიდეორგოლი ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდოს ევროპა ნოსტრას გამარჯვებული შვიდი ქართული პროექტის და ევროპა ნოსტრას საფრთხის ქვეშ მყოფი შვიდი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლის შესახებ.

„ევროპა ნოსტრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა. დღეისათვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. ევროპა ნოსტრა ევროპის 50-მდე ქვეყნის 250 კერძო და საჯარო ორგანიზაციას, 150 ასოციაცირებულ და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის პრეზიდენტია ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო.

საზეიმო ღონისძიება საბალეტო სპექტაკლის ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ წარმოდგენით დასრულდება. საზეიმო მიღებას კი საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს.