24 მარტი, 2019

პოეტი ომარ თურმანაული გარდაიცვალა

პოეტი ომარ თურმანაული გარდაიცვალაპოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი ომარ თურმანაული გარდაიცვალა. შემოქმედი საფრანგეთში ცხოვრობდა, იგი სტრასბურგის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“მიწად იქცევიან ეს ჩემი…. ხელები…
მიწად იქცევიან ეს ჩემი… თვალები…
მიწად იქცევიან ეს ჩემი… ბაგენი….
მიწად იქცევა ეს ჩემი…. ეს ჩემი…
მარა, ამ ჩემ ფეხებს… (რომლებიც ასევე მიწად იქცევიან)!” – პოეტის ამ იუმორისტულ ჩანაწერს თავის დროზე მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მისმა გარდაცვალებამ უდიდესი სევდა შესძინა მის ერთ-ერთ სტროფს:

“ჩვენ ჩვენი წილი ვიდარდეთ,
დანარჩენი კი, იდალგო,
როცა ჩვენ გაგვასვენებენ,
გამსვენებლებმა იდარდონ…”

ინფორმაცია ომარ თურმანაულის გარდაცვალების შესახებ პოეტმა შოთა იათაშვილმა გაავრცელა:

“სახლში რემონტი გვაქვს. გორად აზვირთებულ წიგნებს ვახარისხებდი და უკან, კარადებში ვალაგებდი. ომარ თურმანაულის „ცოდვები და გვირილები“ მომხვდა ხელთ და გული გადამიქანდა. ბოლო დღეებს ითვლიდა ჩემი ძმა-პოეტი სტრასბურგის საავადმყოფოში.

მეორე დღეს რუმინეთში მივფრინავდი და თან წავიყოლე წიგნი. უფრო მძაფრად მინდოდა ყოფილოყო ფიქრებში ჩემთან ერთად. ვიჯექი თვითმფრინავებში და მის ასე ძვირფას ლექსებს კიდევ ერთხელ ვკითხულობდი. რაღაცეების ჩანიშვნაც დავიწყე ბლოკნოტში. აქამდე რომ ვერ ვაღირსე, ახლა მომინდა, წერილი დამეწერა მის პოეზიაზე. მივწერე კიდეც: რა ცუდები ვართ ადამიანები, მაინცდამაინც ავად უნდა გამხდარიყავი, რომ ამის სურვილი გამჩენოდა-მეთქი? სხვაც ბევრი რამე ვწერე. სელფი გადავიღე მის წიგნთან ერთად და გავუგზავნე. რა მექნა, რაც შემეძლო, ვცდილობდი, შემეგულიანებინა, ჩემი სიყვარული გამომეხატა. ჯიგარი ხარო, მომწერა, ბევრი მაქვს შენთან მეც სალაპარაკოო. დამირეკა ერთხელაც ფეისბუქის ჩატით და მაინცდამაინც მაშინ მქონდა გამორთული. ძალიან ვდარდობ ახლა, რა ეშმაკმა გამათიშინა მაინცდამაინც მაშინ…

პირობას კი ვიცი, შევუსრულებ, დავუწერ მოგვიანებით მაინც იმ წერილს… აღარ წერდა ბოლოს ლექსებს, არც საქართველოში იყო და კარგადაა, ამიტომ, თავიდანაა გასახსენებელი მისი არაჩვეულებრივი პოეზია. მიყვარხარ ომარ, ჩემს გულში იქნები მუდამ, ჩემს მოგონებებში იქნება ერთად გავლილი წლები, რუსთაველზე ერთად დგომა წიგნის გამყიდველებად, ღარიბული სუფრები 90-იან წლებში, თუ საფრანგეთის პოეტური ფესტივალები… ნათელში გამყოფოს ღმერთმა.”

ომარ თურმანაული ბესიკ ხარანაულის ნაწარმოებებს ფრანგულად თარგმნიდა. ფრანგულ ენაზე უკვე დაიბეჭდა ბესიკ ხარანაულის რომანი „წიგნი ამბა ბესარიონისა“. ბოლო პერიოდში კი თარგმნიდა ბესიკ ხარანაულის მომდევნო წიგნს „ეპიგრაფები მივიწყებული სიზმრებისათვის“.

ბესიკ ხარანაული:

“ომარ თურმანაულს, ფშაველს, უცხო მიწაზე გადახვეწილს, რომელთანაც ერთხელ ცოდვები გავაზიარე” – ასეთი მიძღვნა ექნება ჩემს ბოლო წიგნს, რომლის დედანსაც ომარი კითხულობდა ბოლო დღეებში… თარგმნაც დააპირა, მაგრამ ორშაბათს დამირეკა: ვერ ვასწრებ, ბესიკო… სიტყვები არ მყოფნის…”