27 მარტი, 2019

იოსებ კეჭაყმაძე – საგუნდო მუსიკის პატრიარქი

იოსებ კეჭაყმაძე - საგუნდო მუსიკის პატრიარქიიოსებ კეჭაყმაძე სრულიად დამსახურებულად არის აღიარებული საგუნდო მუსიკის სინდისად და ნამუსად.

ბავშვთა კაპელას ხელმძღვანელი გელა ფარჩუკიძე ამ უნიჭიერეს ადამიანს განსაკუთრებულად იხსენებს:

“მაინც რა ზნე სჭირს სიკვდილსა
ვერ სწვდება ჩემი გონება,
შიგ ამაარჩევს ვაჟკაცსა
სადაც კი მაეწონება….” – ვაჟა ფშაველა

იოსებ კეჭაყმაძე…. (ეხლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ – გენიალური იოსებ კეჭაყმაძე… ჩვენთან ხომ ამ სიტყვის ხმარებისთვის, მინიმუმ იმ ადამიანის გარდაცვალებაა საჭირო – რომელზეც სიცოცხლეში ვერ ვიმეტებთ ამ სიტყვას..)

ქართული საგუნდო მუსიკის პატრიარქი… ყველა დროის უდიდესი ქართველი საგუნდო კომპოზიტორი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საგუნდო მაესტრო… ადამიანი, რომელმაც უდიდესი კვალი დატოვა ქართულ და მსოფლიო საგუნდო მუსიკაში… მსოფლიოს გააცნო და აღაფრთოვანა ქართული საგუნდო ხელოვნებით. ფალიაშვილის მუსიკა ჰიმნად გადააკეთა და ყველას – ბავშვიდან მოხუცამდე შეაყვარა იგი…

დღეს დიდი მაესტრო 80 წლის გახდებოდა….

6 წელი არაა ბევრი (გააჩნია რისთვის..) და არც ცოტა (ასევე გააჩნია ვისთვის..)
რისთვის და – დავიწყებისთვის….
ვისთვის და – „სოსოს მუსიკისთვის“…

ეხლა უცებ მახსენდება მილოშ ფორმანის გენიალური ფილმი „ამადეუსი“ – იქ სალიერი უკვე ფილმის ბოლოს ეუბნება მოძღვარს, (რომელსაც ვერაფრით ვერ გაახსენა თავი, გარდა იმისა რომ მან „მოწამლა“ მოცარტი) – ჩემი მუსიკა დღითიდღე იფერფლება, მისი მუსიკა კი ყოველი დღე უფრო მეტად ყვავის და ბრწყინავსო….

“სოსოს მუსიკა“ – დღეს ეს ორი სიტყვა ქართული (და არა მხოლოდ) მუსიკის განუყოფელი ფრაზაა… უფრო ხშირად თქმული და უფრო მეტად დაჭირვებულ–მონატრებული… უფრო გაბრწყინებული და ამჯერად უკვე საერთაშორისო არენაზე მოწონებული და საგუნდო კონკურსებში სავალდებულოდ შეტანილი…

ხოო – აქ ეგრეა მაესტრო… და ნეტა “იქ” როგორ ხართ? ალბათ სულ განათებულსა და გაბრწყინებულში… თქვენი სული სხვაგან ვერ დაივანებდა… ამდენი ადამიანის ლოცვა… მამაოების… დედაოების.. და ბოლოს, თავად მისი უწმინდესობის ლოცვა გაგყვათ აქედან გზამკვლევად… თქვენზე და თქვენთვის ლოცვა…

ალალი იყოს მაესტრო, ყველა ლოცვა თქვენზე. ალალი იყოს ის სიყვარული, რომელიც თქვენ მოიმუშაკეთ ქართველი ერისა და დედაეკლესიის გულში, თქვენი კეთილმოღვაწეობისა გამო ერისა და ბერისადმი. ალალი იყოს თქვენზე ის ცრემლი, რომელიც მართლა გულით გაგატანეს თქვენზე და თქვენს მუსიკაზე შეყვარებულმა ადამიანებმა… და ბოლოს – ის მიწაც ალალი იყოს, რომელზედაც მთელი ამქვეყნად ყოფნის მანძილზე ლოცულობდით და რომელმაც დედასავით ჩაგიკრათ გულში…

მადლობა მაესტრო, რომ ქართველად დაიბადეთ და ამ საუკუნეში იყავით… თქვენ მხოლოდ “ჩაკრულოს”, მრავალჟამიერის”, “ოდოიასა” და “ხასანბეგურას” ქვეყნის შვილი უნდა ყოფილიყავით და ასეც ინება უფალმა… თქვენ ხომ სიცოცხლეშივე ეზიარეთ მარადიულობას – ამაზე თავად თქვენმა მუსიკამ “იზრუნა”…

გავა დრო და ბევრი რამ გაქრება მსმენელის მეხსიერებიდან – თქვენი მუსიკა კი, სხვა მარგალიტებთან ერთად, საუკუნეების მერეც დაამშვენებს ქართულ მუსიკალურ კულტურას…
მშვიდობით მაესტრო… მშვიდობით – მარადიულობაში..!!!

ხო მართლა… თქვენ ხომ ასე გიყვარდათ ვაჟა… და მთა…
ხოდა ისევ “ვაჟათი” დაგემშვიდობებით…
“ეს ქვეყანა რომ სჯობნიდეს
იმ ქვეყანასა წყეულსა,
ერთ კაც მაინცა ვნახავდი
იქიდან გამოქცეულსა…”

თქვენ კი ეხლა ალბათ იქ ხართ – საიდანაც აღარავინ არ “გამორბის”… ალბათ ვაჟასაც ხედავთ… თქვენს საფიცარ ილიასაც.. ბახსაც და მოცარტსაც… და რაც მთავარია, სამყაროს შემოქმედს და იესოს ხედავთ… ხოდა, აბა, მანდ ჯობია მაშინ მაესტრო… მანდ ხომ უბრალო მოკვდავები ვერ ხვდებიან… იძინეთ მშვიდად დიდო მაესტრო… და მშვიდობით შეავედრეთ უფალს თქვენი საფიცარი ერი და სამშობლო…

დღეს ქართული საგუნდო მუსიკის სინდისი და ნამუსი 80 წლის გახდებოდა…”