ეძღვნება რობერტ ბარძიმაშვილს

ეძღვნება რობერტ ბარძიმაშვილსრობერტ ბარძიმაშვილს ქართულ ესტრადაზე უამრავი ხელოვანი ემადლიერება. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ნიჭიერი მომღერლის თუ მუსიკოსის აღმოჩენა.

ავტორ-შემსრულებელი მიხეილ ზაქარიაშვილი რობერტ ბარძიმაშვილთან დაკავშირებით ისტორიას იხსენებს და ამ დიდებულ ხელოვანს გულითად მადლობას უხდის:

“სიმღერას, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ეძღვნება ჩემს უფროს მეგობარს ბატონ რობერტ ბარძიმაშვილს და ანსამლ ,,ორერას”! ჩემი სიმღერა ,,დავლევ, აბა, რას ვიზამ” პირველად მათ იუბილეზე შესრულდა და ეს იყო მაშინ ჩემთვის დიდი სიხარული, სტიმული იმისა, რომ სცენაზე დავრჩენილიყავი, რომელზეც ასე ბავშვობიდან ვოცნებობდი! ეს იყო ის ნაბიჯი, მიუხედავად დიდი მღელვარებისა, რომელიც გადავდგი და ვამაყობ, რომ ამ ლეგენდებთან ერთად დავდექი სცენაზე!

იმ დღის მერე, მთელს საქართველოში თითქმის ყველგან სრულდებოდა ეს სიმღერა, თითქმის ყველა მღეროდა ამ სიმღერას და დიდი პოპულარობა მომიტანა! დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა ზოგიერთი ქართველისგან განსხვავებით რომლებიც ასე ივიწყებენ ერთ დროს მათთვის კუმირ ვარსკვლავებს.

რობერტ ბარძიმაშვილმა შექმნა ეპოქა მაშინდელ ესტრადაზე, შემოიკრიბა საუკეთესოთა შორის საუკეთესო მუსიკოსები, იმ პერიოდში გაჟღერდა ჯერ კიდევ უცნობი კომპოზიტორების სიმღერები, რომელიც ხალხმა აიტაცა და დღემდე მათ სულში უდევს ბინა! ბატონი გოგი ცაბაძე, ოთარ რამიშვილი, ვაჟა აზარაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი, ნუგზარ ერგემლიძე, ზურაბ მანაგაძე, ავთო შარვაძე და სხვები…

თუ ვინმე გამომრჩა უნებლიედ, ბოდიშს მოვუხდი! ეს სიმღერა მას უნდა ემღერა თავად მითხრა შენ კარგ სიმღერებს ქმნი იქნებ შექმნა ჩემთვისაც, იქნებ მოვირგო რომელიმეო… შევხვდით გია მაჭარაშვილთან სტუდიაში და მოვასმენინე მისთვის შექმნილი სიმღერა, რომელსაც დავარქვი ,,არაფერი ავიწყდება გულს” ტექსტიც მე გავაკეთე. ამ სიტყვებმა ძალიან ჩააფიქრა, რამოდენიმეჯერ გაიმეორა ,,არაფერი ავიწყდება გულს, ყველაფერი ახსოვს” კარგია კარგიო, მითხრა, ჩემს გულთან ახლოს მოვიდა ერთი კუპლეტიც დაამატე და მე ვიმღერებ აუცილებლად ამ სიმღერასო!

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ დიდ მუსიკოსს, როგორიც ბატონი რობერტი იყო, უნდა ემღერა ჩემი სიმღერა. დავთქვით ჩაწერის დრო, შევთანხმდით, რომ ერთ თვეში უნდა ჩაგვეწერა, მანამდე კასეტაზე ჩამიწერეო, მთხოვა, მოვირგებ ჩემებურადო იქვე წაიმღერა კიდეც!

დავთქვით შეხვედრის თარიღი, მაგრამ მოხდა უბედურება – ის მოულოდნელად გარდაიცვალა… სამწუხაროდ, არ დაგვცალდა! ბევრი არც მიფიქრია, გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა არავის ემღერა იმიტომ, რომ მისი ხმა ყოველთვის ჩამესმოდა ამ სიმღერის მღერისას!

კარგა ხანს ასე ვფიქრობდი და თაროზე შემოვდე! კარგა ხნის შემდეგ გაისმა ტელეფონის ზარი, ყურმილი ავიღე და ჩემდა გასაოცრად მისი არაჩვეულებრივი მეუღლე აღმოჩნდა! კარგა ხანს ვისაუბრეთ, მითხრა, რომ იცოდა რობერტის უნდა ემღერა ეს სიმღერა და არ შეიძლება ამ სიმღერის თაროზე შემოდებაო…

შემომთავაზა რომ კარგი იქნებოდა თუ მის მიერვე შექმნილი ანსამბლი ,,ბარძიმი” შეასრულებდა და მის ხსოვნას მიეძღვნებოდა! მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ბიჭებმაც მთელი გულით იმუშავეს, კარგად ჩაწერეს და ვფიქრობ ისე, როგორც ამას ბატონი რობერტი მოითხოვდა მათგან!

მას შემდეგ ეს სიმღერა გაჟღერდა სპექტაკლში ,,ამიკო”, სადაც არაჩვეულებრივი მსახიობი ჩემი მეგობარი ნუგზარ ყურაშვილი ასრულებდა, შემდეგ კი ასევე უნიჭიერესმა მომღერალმა ჩემი მეგობარმა გია დავითიანმა შეასრულა…
მოკლედ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ ყველას და ასევე არანჟირების ავტორს, ჩემს მეგობარს, არაჩვეულებრივ მუსიკოსს ირაკლი მენთეშაშვილს, რომელსაც ბატონი რობერტიც ძალიან აფასებდა, როგორც უნიჭიერეს მუსიკოსს და ადამიანს!

და, აი, ახლა მინდა ამდენი ხნის შემდეგ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ადამიანი და მისი ლეგენდარული ანსამბლი ,,ორერა”. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს! თუ ვინმე ვარსკვლავი იყო და არის საქართველოში მათ შორის ის, ერთ-ერთი კაშკაშა იყო ჩემთვის და რჩება დღემდე!”