ანდრეი ტარკოვსკი ხელოვნების სასახლეში

ანდრეი ტარკოვსკი ხელოვნების სასახლეში XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მწერლის ანდრეი ტარკოვკის უკანასკნელი ფილმის “მსხვერპლშეწირვა” ფოტო გამოფენა 14 მარტს, 19 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიხსნება.

ხელოვანმა პირველი საკურსო ფილმი „მკვლელები“ 1958 წელს, ერნესტ ჰემინგუეის მოთხრობის მიხედვით გადაიღო, სადაც ეპიზოდურ როლს თავად ასრულებდა. ფილმი დღეს სრული სახით შემორჩენილი არ არის.

სადიპლომო ნამუშევარი „სატკეპნი და ვიოლინო“ მოსფილმის ბაზაზე 1960 წელს შეიქმნა, ხოლო პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი „ივანეს ბავშვობა“ ვ. ბოგომოლოვის ნაწარმოების მიხედვით, ანდრეიმ 1962 წელს გადაიღო. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი ოქროს ლომი მიიღო.

„ანდრია რუბლიოვის“ შემდეგ ტარკოვსკიმ პოლონელი მწერლის სტანისლავ ლემის სამეცნიერო-ფანტასტიკური ნოველა „სოლარისი“ (1972) გადაიღო. ფილმს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მისცეს. „სარკე“ (1974) ტარკოვსკის ყველაზე ავტობიოგრაფიული ნამუშევარია, მასში რეჟისორის დედა მონაწილეობს და საკუთარ ლექსებს არსენი ტარკოვსკი კითხულობს.

„სტალკერი“ (1979) ტარკოვსკის მიერ სამშობლოში გადაღებული ბოლო ფილმია.

“მსხვერპლშეწირვა” უკანასკნელი ნამუშევარია, რომელიც რეჟისორმა 1986 წელს, შვედეთში გადაიღო. ფილმის მონტაჟის დროს იგი უკვე ავთვისებიანი სიმსივნით იყო ავად.

შემოქმედი, საფრანგეთში 1986 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

ტარკოვსკის ყველა ფილმი მიმართულია არა სამყაროს შეცნობაზე, ან სამყაროდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, არამედ მთლიანადაა კონცენტრირებული ადამიანზე, პიროვნებაზე, შინაგან ძვრებზე, ფსიქიკის ყველაზე დახლართულ ლაბირინთებში მოგზაურობაზე.

გაჭირვება ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრების თანამგზავრი იყო. რეჟისორი, რომლის ფილმებს საბჭოთა ცენზურა ან ამახინჯებდა, ან დიდხანს აყოვნებდა პრემიერას, წლების მანძილზე უმუშევარი იყო…

“ხელოვნება უნდა იყოს აქ, რათა ადამიანს გაახსენოს, რომ ის არის სულიერი არსება, რომ ის არის უსასრულოდ დიდი სულის ნაწილი, სულისა, რომელსაც ის უბრუნდება საბოლოო ჯამში. თუ კი ადამიანი დაინტერესებულია ამ საკითხებით, თუ კი ის მათ სვამს, ესე იგი ის სულიერად გადარჩა, – ამბობდა ანდრეი ტაკოვსკი.

ექსპოზიციას წარმოადგენს ფოტოების ავტორი, საპატიო სტუმარი ლონდონიდან, მწერალი, დრამატურგი, კინომცოდნე ლაილა გარეტი (Layla Alexander Garrett).