საოცარი ამბავი თემურ ჩხეიძისგან

საოცარი ამბავი თემურ ჩხეიძისგანრეჟისორ თემურ ჩხეიძისგან საოცარი ამბები მის ერთგულ მაყურებელს სპექტაკლების სახით არასდროს აკლია, თუმცა ამბავი, რომელიც რეჟისორმა თავისი წიგნის პრეზენტაციისას დამსწრე საზოგადოებას უამბო, მას გერმანიაში გადახდა:

“დაახლოებით ოცი წლის წინ გერმანიაში ვიყავი რუსულ თეატრთან ერთად გასტროლებით. ჩემთან მოვიდა ქალბატონი და მეკითხება:

– თქვენ ქართველი ხართ?
– დიახ, ქართველი ვარ!
– იცით, მე მინდოდა თქვენი ნახვა, ალბათ გიკვირთ?
– დიახ! – იყო პასუხი, თუმცა ყურადღება მაყურებლის და თაყვანისმცემლის არასდროს კლებია ცნობილ რეჟისორს, მაგრამ ქალბატონი ცდილობდა მოსაუბრე გაკვირვებული დარჩენილიყო და ისიც გაკვირვებულის როლს დათანხმდა და როგორც აღმოჩნდა არც თუ უსაფუძვლოდ.

– იცით, მე გერმანელი ვარ, – აგრძელებს ქალბატონი, – ომამდე ოჯახით სოხუმში ვცხოვრობდი. მამაჩემი სკოლაში მუშაობდა. მეშვიდე კლასში ვიყავი და მომწონდა ბიჭი, რომელიც მაშინ მეათე კლასში იყო. მე გვარი მახსოვს მისი – მაისურაძე. ერთმანეთისთვის სიტყვა არასდროს გვითქვამს, ჩვენი სიყვარული უბრალოდ შესვენებებზე შემთხვევით შეხვედრით და შეხედვით მთავრდებოდა.

ომი რომ დაიწყო, რამდენიმე დღეში მამაჩემი სახეშეცვლილი დაბრუნდა სახლში, ორ დღეში ყველა გერმანულ ოჯახს გვასახლებენო. ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავდა ჩვემს ოჯახს, მაგრამ ის ორი დღე არავინ გამოჩენილა ჩვენთან. მესამე დღეს უკვე ვაგზალზე ვიყავით, ირგვლივ სულ ჯარისკაცები იყვნენ. თითქმის არავინ გვაცილებდა და ვინც გვაცილებდა მათაც უკრძალავდნენ კორდონს აქეთ გადმოსვლას. ყველანი საბარგო ვაგონში შეგვყარეს. მე, როგორც პატარას, უფლება მომცეს ფანჯარასთან მივსულიყავი და მაშინ დავინახე ის ჩემი შეყვარებული ბიჭი, რომელიც ჯარისკაცებს რაღაცას უხსნიდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ კორდონი გაიხსნა და ბიჭი ბაქანისკენ გამოიქცა და ვაგონებს ათვალიერებს, ვიცი რომ მე მეძებს. მე ფანჯარასთან რაც შემიძლია ვიწევი და ვეძახი. ის შემობრუნდა და დამინახა. თან მატარებელიც დაიძრა. ცოტა ხანს მოყვებოდა მატარებელს და მიყურებდა…

ეს იყო ბოლო ჩვენი შეხვედრა. რამდენი წელი გავიდა ამის მერე, არასდროს დამავიწყდება მისი თვალები და ახლა ვხვდები, რომ ეს იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელმაც ჩემთვის თავი გაწირა. იმის მერე სულ ამ ბიჭს ვეძებ, მაისურაძეს, იქნებ ცოცხალია, იქნებ… თქვენ ხომ საქართველოში ნაცნობები გყავთ, იქნებ იცის ვინმემ ეს მაისურაძე, იქნებ იცის…

ამის შემდეგ იქით ვთხოვდი რადიო თუ ტელეჟურნალისტებს მომისმინეთ-მეთქი, ვყვებოდი ამ ამბავს, დამეხმარეთ, ვიპოვოთ, იქნებ იცით ეს მაისურაძე, არ გამოჩენილა თურმე… ქალი კი კიდევ ელის და დრო და დრო მეკონტაქტება ახალი ხომ არ არის რამეო…”

იქნებ იცით ის მაისურაძე, დაუკავშირდით რეჟისორს, რა ბედნიერი იქნება ის ქალი, ის წამი დაიბრუნოს, ბედნიერი, როცა თვალი თვალს შეხვდება სულ ერთი წამით… თუნდაც…