“რად ცოდვილობს ერი?” – ერლომ ახვლედიანის ოქროს სიტყვები

"რად ცოდვილობს ერი?" - ერლომ ახვლედიანის ოქროს სიტყვებიმწერალ ერლომ ახვლედიანის შემოქმედება სავსეა დამაფიქრებელი ნაწარმოებებით. არანაკლებ საინტერესოა მისი წერილები.

“არტინფო” გთავაზობთ ერლომ ახვლედიანის წერილებიდან მცირე ამონარიდს და გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ:

“… ვაშლის ხეს მსხლისა რომ ვუწოდოთ, განა ის ვაშლს აღარ მოისხამს?…

… რად ცოდვილობს ერი? რად არ გამოსდის არაფერი? რად არ წარემართება ამდენი ძალისხმევა?…
ეტყობა, ყოველივე ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენშია, მას ჩვენს გარეთ ნუ ვეძებთ, სხვებს ნუ გადავაბრალებთ.

ეს მიზეზი საკუთარი ნებისა და ძალის უგულებელყოფა და გაუცნობიერებლობაა.
მაშ, მოდით, ვცადოთ და ვეძებოთ ძალა ჩვენში და ჩვენი თავისუფალი ნება მისკენ მივმართოთ.
ნუ გადაფარავს და დააკნინებს ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ხსნის იმედს. ნუ დავრჩებით ფუჭი ნატვრის ანაბარა, რომ ღმერთი ფრთებს გამოგვასხამს და გავფრინდებით უკაცრიელ უდაბნოში, ადამიანებისაგან შორს. ის ამ ნატვრას მაინც არ შეგვისრულებს, რადგან ღმერთი არასოდეს შეგვისრულებს იმას, რაც არ გვჭირდება…

… უნდა გწამდეს, რომ ამ არეულ და უზნეურ დღეში მხოლოდ შენ ერთი რჩები ნოეს ფუნქციის მატარებელი. შენ ხარ ერთადერთი და შენზეა დამოკიდებული ეს გადარჩენა, რათა შეინარჩუნო საკუთარი სიწმინდე, როგორც მთავარი განძი. არ იცი, სად და როდის დაგჭირდება იგი, არა მხოლოდ შენ, არამედ შენს ქვეყანას, ზოგადად ქვეყნიერებას…”