ქეთევან ორახელაშვილი – ევგენი მიქელაძის ულამაზესი მეუღლე

ქეთევან ორახელაშვილი - ევგენი მიქელაძის ულამაზესი მეუღლექეთევან (ქეთუსია) ორახელაშვილი ცნობილი დირიჟორის ევგენი მიქელაძის ულამაზესი მეუღლე იყო.

თბილისში გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, ქეთევანზე შეყვარებულმა და მისი უარით გაბრაზებულმა ბერიამ ევგენი მიქელაძეს ჯერ თვალები დასთხარა და როცა დირიჟორმა იდეალური სმენის წყალობით ნაბიჯის ხმაზე იცნო, ყურის ბარაბნები დაუხვრიტაო.

თამარ კაპანაძე:

“ეს ლამაზი ქალი ფოტოებზე ქეთევან (ქეთუსია) ორახელაშვილია, ევგენი მიქელაძის მეუღლე.

პირველი ფოტო 1937 წლამდეა გადაღებული, ანუ მანამდე, სანამ “ხალხის მტრად” გამოცხადებულ დირიჟორს დახვრეტდნენ, ქეთევანს კი გადაასახლებდნენ.

მეორე კი კადრია ლანა ღოღობერიძის ფილმიდან “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ლამაზად მოხუცება თუ არსებობს, მაშინ მას ქეთუსია ორახელაშვილის სახე აქვს. დაღლილი, შევერცხლილი, მაგრამ ვერგატეხილი, საკუთარი (არაქედმაღლური) უპირატესობის შეგრძნებით დაღდასმული.

ქეთევან ორახელაშვილი - ევგენი მიქელაძის ულამაზესი მეუღლე

თბილისური ლეგენდა ამბობს, ქეთევანზე შეყვარებულმა და მისი უარით გაბრაზებულმა ბერიამ ევგენი მიქელაძეს ჯერ თვალები დასთხარა და როცა დირიჟორმა იდეალური სმენის წყალობით ნაბიჯის ხმაზე იცნო, ყურის ბარაბნები დაუხვრიტაო. კინოა, მართლა კინოა.

თენგიზ აბულაძის “მონანიების” ერთ-ერთი ინსპირაცია ეს ამბავი იყო.

გასულ წელის კი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დათა თავაძემ შემოგვთავაზა ამ ამბის მისებური ინტერპრეტაცია სპექტაკლში “ვეფხვი და ლომი”.

“… როცა ჩვენები დაიჭირეს, რაც გვქონდა, კაბები, ჭურჭელი – დატოვეს იმ ოჯახში, რომელმაც ხუთ დღეში მიიღო ის ბინა… იქ ეკატერინე სოხაძე შესახლდა, მომღერალი, იცვამდა დედაჩემის კაბებს… მე სამი წლის ვიყავი, მაგრამ დედაჩემის კაბებს ხომ ვცნობდი – გავეკიდებოდი ხოლმე თურმე ამ ქალს და შემრჩებოდა ეს უცხო ქალი და ისტერიკა მემართებოდა.” (ევგენი მიქელაძის შვილის, თინათინ მიქელაძის ინტერვიუ “რადიო თავისუფლებასთან”).

მიქელაძის სახლის ფასადზე, ქიქოძის ქუჩაზე, დღესაც არის მემორიალური დაფები წარწერით “ევგენი მიქელაძე”, “ფილიპე მახარაძე” და “ეკატერინე სოხაძე”. კინოა!

ბოლო თვეები სულ ამ ამბავს ვუტრიალებ, ქიქოძის ქუჩაზე ყოველი ჩავლისას მახსენდება, რა ახლო წარსულია ყველაფერი და თან როგორი ფანტასმაგორიული.”