21 თებერვალი, 2019

მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი

მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელირუსთაველის თეატრის მსახიობ მურმან ჯინორიას მთავარი სათქმელი მაყურებელთან ყოველთვის თავისი სპექტაკლებით მიაქვს. მას სჯერა, რომ სამსახიობო ხელოვნებაში მთავარია სიტყვა, ამიტომ მას კარგად გააზრება სჭირდება:

“ჩვენს პროფესიაში მთავარია სიტყვა, მაგრამ სიტყვა უნდა იყოს ამოხსნილი, რადგან შექსპირს აქვს ნათქვამი: “სიტყვა წარმოთქმული ფიქრის გარეშე ზეცამდე ვერ აღწევს.”

ფიქრი ყველაზე დიდი რამ არის, რაც ღმერთმა ადამიანს აჩუქა. ჩვენ კი ვებმებით ამ ცხოვრების ფერხულში და ფიქრისთვის დრო აღარ გვრჩება.

რომ გადავხედავ ჩემს მიერ ნათამაშევ როლებს, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ამდენი რამე გამაკეთებინა. ბევრ რეჟისორთან ვიმუშავე, არ ვარ უკმაყოფილო, გალაკტიონი ამბობს “მცირე ბედისაც ვარ მადლობელი” და მე არ უნდა ვიყო მადლობელი?!

პოეზიამდე იმიტომ მივედი, რომ რომელი ლექსიც მინდა, იმას გამოვიყენებ. ბევრი ლექსი, როცა მე წავიკითხე, შემდეგ გახდა პოპულარული. ღმერთმა ისეთი რამ გამაკეთებინა მაყურებლისთვის, რომელიც მათ სულიერ მდგომარეობას აკმაყოფილებს.

მაგარი პედაგოგი მყავდა – მიხეილ თუმანიშვილი, მაგრამ მისგან მაშინ კი არ ვისწავლე, როცა ის ჩემთან რეპეტიცებს გადიოდა, არამედ მაშინ, როცა ის ლექციების დროს თეატრზე ლაპარაკობდა, სამსახიობო ხელოვნებაზე ლაპარაკობდა. მსახიობობა ვისწავლე ჯერ კიდევ ბავშვობაში, რადიოში ვერიკო ანჯაფარიძის, უშანგი ჩხეიძის, სერგო ზაქარიაძის ჩანაწერებს როცა ვუსმენდი. შემდეგ მომეცა ბედნიერება ცოცხლად მენახა, ვერიკო, სესილია, უშანგი, სერგო. კიდევ უფრო ბედნიერი გავხდი, როცა ვასო გოძიაშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, ეროსი მანჯგალაძის, სოფიკო ჭიაურელის, გივი ბერიკაშვილის, კახი კავსაძის, თენგიზ არჩვაძის პარტნიორობა მხვდა წილად.

თეატრი დიდი ორკესტრია, სადაც შენ ხარ ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ დანარჩენი ინსტრუმენტებისგან განსხვავებული უნდა იყო.

ყველაზე კარგად მაშინ ვარ, როცა სცენაზე ვარ. მონოსპექტაკლში ჩემს სულიერ სამყაროში გადავდივარ და ვხვდები ჩემს პირველ სიყვარულს, ეს ჩემი მაყურებელია. ასეთი შეგრძნება მაქვს. ის ამას იგებს, გაფასებს და მადლიერია, შემოგციცინებს თვალებში. მე რა უფლება მაქვს მას ცუდად მოვექცე, არაგულწრფელი ვიყო?

ამ მონოსპექტაკლით ყველა იმ პოეტის ჭირისუფალი ვარ, ვის ლექსებსაც ვკითხულობ. მათ ვიხსენებ, არ ვივიწყებ და ვეუბნები, რომ ისინი მაყურებელსაც ახსოვს. მინდა ხიდი ვიყო მათსა და მაყურებელს შორის და ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ.”