6 თებერვალი, 2019

მიხეილ ჭიაურელის ბავშვობის დაუვიწყარი ტრაგედია

მიხეილ ჭიაურელის ბავშვობის დაუვიწყარი ტრაგედიაკინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ცხოვრების დიდ გზაზე ბევრი დარდი და ვარამი იყო, ყველა გადაიტანა და დაივიწყა, მაგრამ ბავშვობის ტრაგედია, რომელიც მის ძმასთან იყო დაკავშირებული, ვერ დაივიწყა.

რეჟისორი მშობლების ედიშერისა და სოფიოს ნაბოლარა შვილი იყო. მას სამი ძმა და ერთი და ჰყავდა – ალექსანდრე, ივანე, ნატალია და ნიკოლოზი. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ, ყველას პირველდაწყებითი სწავლა დაამთავრებინეს, ნაბოლარა მიხეილი კი პირველდაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს.

სოფიო შვილებს არაფერს აკლებდა, ყველანაირად უფრთხილდებოდა, რომ რაიმე ხიფათი არ დამართოდათ. კვირაძალს ღმერთს რომ წმინდა სანთელს დაუნთებდა და პირჯვარს გადაიწერდა, პირველი მისი ვედრება შვილებზე იყო. ემუდარებოდა მამა ღმერთს, იესო მაცხოვარს და ღვთისმშობელ მარიამს, რომ შვილებისათვის აეცდინათ ჭირი, სატკივარი და უბედურება…

მაგრამ ამ ლოცვა-ვედრებამ ვერ გასჭრა და ოჯახს უბედურება მაინც ვერ აცდა… ხელიდან გამოეცალა მეოთხე შვილი ნიკოლოზი:

ერთ თბილ მზიან დღეს ბავშვები ეზოში თამაშობდნენ. ნიკოლოზი მოსცილდა ტოლებს, მივარდა ეზოშივე მჯდომ დედას და ატყდა, ნამცხვარი მიყიდეო. სოფიომ შვილს ჯერ უარი უთხრა, მაგრამ რომ ვერას გახდა, გამოუტანა სახლიდან შაურიანი და უთხრა: “აჰა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, წადი და შენ თვითონ იყიდეო”. ნიკოლოზმა ჩასჭიდა ხელი უმცროს ძმას მიხეილს და ბიჭუნები ეზოდან ქუჩაში გამოვიდნენ. გაემართნენ საფუნთუშესკენ, რომელიც იქვე ახლოს იყო. ეს იყო ბავშვების პირველი “დამოუკიდებელი” გამოსვლა ქუჩაში. სოფიო ჭიშკარში დადგა და ბავშვებს უთვალთვალებდა.

ბიჭებმა მიაღწიეს საფუნთუშეს, იყიდეს ნამცხვარი, გამოვიდნენ ქუჩაში, იქვე ძმურად გაიყვეს და ნამცხვრის ჭამით სახლისკენ გამოემართნენ. უეცრად საიდანღაც გამოვარდა დიდი ძაღლი, დაეტაკა ბავშვებს და ნიკოლოზს ნამცხვრის ნაჭერი პირიდან გამოსტაცა. ტუჩიც გაუკაწრა და ბავშვს სისხლი წამოუვიდა. სოფიომ ეს ყველაფერი თავისი თვალით დაინახა, გაქანდა ბავშვებისაკენ, მაგრამ ძაღლის მოშორება ვერ მოასწრო. შეშფოთდა სოფიო. ედიშერს გაეგო ეს ამბავი და გულგახეთქილი მოვარდა. იფიქრეს, ძაღლი შეიძლება ცოფიანია და გადაწყვიტეს შვილი ასაცრელად წაეყვანათ პასტერის სადგურში.

წასვლამდე მოძებნეს ძაღლის პატრონი, ვინმე ხუდადოვი. მან დაარწმუნა ჭიაურელები, რომ ძაღლი საღ-სალამათი იყო და ცოფიანობისა არაფერი ეტყობოდა. ამიტომ ბავშვი ასაცრელად აღარ წაიყვანეს. მაგრამ გავიდა დრო და ბიჭუნა საშინელმა სენმა შეიპყრო, რადგან ძაღლი ცოფიანი ყოფილიყო, მოეკლათ კიდეც, ხოლო პატრონს ჭიაურელებისთვის არაფერი შეეტყობინებინა. წამლობა უკვე დაგვიანდა და ნიკოლოზი აუწერელ ტანჯვაში გარდაიცვალა. ტირილი და გლოვა ოჯახში დიდი იყო.

უბედურებამ და-ძმებზე ძალიან იმოქმედა, განსაკუთრებით პატარა მიხეილზე. ამ ამბის შემდეგ მრავალმა წელმა განვლო, ცხოვრების დიდ გზაზე მიხეილს ბევრი დარდი და ვარამი შეხვდა, ყველა გადაიტანა და დაივიწყა, მაგრამ ბავშვობის ეს ტრაგედია მუდამ აღელვებდა და მისი მოგონება უმძიმდა.

სოფიო ამ ამბის შემდეგ ღია ფერის სამოსში აღარავის უნახავს, სულ შავებში დადიოდა. ღმერთთან ურთიერთობა ძალიან შეზღუდა, ხანდახან მიამიტად პირჯვარს თუ გადაიწერდა, თორემ კვირაძალს აღარც სანთლებს უნთებდა და აღარც ლოცვა-ვედრებით მიმართავდა…”