ზურა მაღალაშვილი: “ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას”

ზურა მაღალაშვილი: "ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას"მსახიობი და პროდიუსერი ზურა მაღალაშვილი ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს.

ეს გადაწყვეტილება მან ამ თანამდებობაზე სამწლიანი მუშაობის შემდეგ მიიღო:

“სამი წელი იწურება, რაც მე ვხელმძღვანელობ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული და, ამავე დროს, საინტერესო პერიოდი. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომცა საშუალება, პრაქტიკაში განმეხორციელებინა ის ხედვა, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ჩამოყალიბებული. ვცდილობდი, ვყოფილიყავი ობიექტური, მიუკერძოებელი და დავმდგარიყავი პირად სიმპათიებსა და ურთიერთობებზე მაღლა.

მოხარული ვარ, რომ ჩემი დირექტორობის პერიოდში ყველამ ერთად მოვახერხეთ, კიდევ უფრო წინ წაგვეწია ქართული კინოინდუსტრია. ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი ჩანაფიქრის განხორციელება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.

არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც მიმაჩნდა ძალზე იოლ თემად, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა სულ სხვა. მაგალითად, რეგიონული ფონდის შექმნა აჭარაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობის საკითხი ქართულ კინოწარმოებაში და ე.წ. ჩამოკიდებული რეგიონული ფონდის დაარსება ეკონომიკის სამინისტროში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებზე დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რათა საქართველოში არსებობდეს დაფინანსების რამდენიმე წყარო და არა მხოლოდ ეროვნული კინოცენტრი.

უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ჩემი საქმიანობის დეტალურ ანგარიშს, ახლა კი, ნება მიბოძეთ, ყურადღება გავამახვილო რამდენიმე თემაზე, რომლებიც ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვან მიღწევად მიმაჩნია:

გაიზარდა დაფინანსებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების რაოდენობა. თუ ადრე ყოველწლიურად ფინანსდებოდა 6-7 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ახლა ფინანსდება 12-14.

გაიზარდა დაფინანსებული მოკლემეტრაჟიანი მხ/ფ-ის რაოდენობა. ნაცვლად 5-6 ფილმისა, 2018 წელს დაფინანსდა 15 სურათი.

2018 წლისთვის დაფინანსებული დოკუმენტური ფილმების რაოდენობა გაიზარდა 10-მდე.

2018 წელს დაფინანსდა 3 ანიმაციური ფილმი;

დაარსდა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი, მცირებიუჯეტიანი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსი. წელს ჩვენ უკვე მივიღეთ რამდენიმე ძალზე საინტერესო ფილმი, მათ შორის ერთი კოპროდუქცია.
სამი წლის განმავლობაში ხორციელდება ჩემ მიერ დაფუძნებული პროგრამა ახალგაზრდა პროდიუსერებისთვის. დიდ ინდუსტრიულ ფორუმებზე, ბერლინისა და კანის ფესტივალებზე ათეულობით ახალგაზრდა პროდიუსერს მივეცით საშუალება, ორგანიზებულად პირისპირ შეხვედროდნენ ლუქსემბურგის, ბელგიის, ხორვატიის, ლიეტუვას, ლატვიის, შვედეთის, უნგრეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ნორვეგიისა და სხვა ქვეყნების პროდიუსერებს, წარედგინათ პროექტები და მისცემოდათ შანსი, მოეზიდათ ფილმისთვის დამატებითი დაფინანსება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულმა პროგრამამ გაამართლა, გაიზარდა ქართველ პროდიუსერთა საერთაშორისო ცნობადობა და რამდენიმე პროექტმა მოიპოვა უცხოური დაფინანსება.

გულწრფელად მიმაჩნია, რომ კინემატოგრაფიის განვითარებისთვის აუცილებელია გავაგრძელოთ ზრუნვა ქართული კრიტიკის, ანალიტიკის განვითარებისთვის. ჩემი დირექტორობის პერიოდში გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში დაარსდა სპეციალური კონკურსი სტუდენტი კრიტიკოსებისთვის – „წერე ქართულ კინოზე”, ბაკურიანსა და ქუთაისში დაარსდა ყოველწლიური ქართული კინოს ფორუმი – კრიტიკოსებისა და ფილმის ავტორების გასვლითი შეხვედრები, თბილისის, ბათუმისა და დოკუმენტური კინოს ფესტივალებზე ჩემი ინიციატივით დაარსდა ქართველ კრიტიკოსთა ჟიური. ასევე ხელი შეუწყვეთ ქართველი კრიტიკოსების დასწრებას სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე .კინოცენტრის დაკვეთით დაიწერა ათეულობით ანალიტიკური სტატია დამოუკიდებლობის პერიოდში კინოპროცესების შესახებ და სხვა.

გადაიხედა სამოგზაურო გრანტებისა და ფილმის დასრულებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის სისტემა. პრაქტიკულად დაკმაყოფილებულია ყველა შემოსული მოთხოვნა, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

საქართველოში არსებულ ყველა ძირითად კინოფესტივალსა თუ ინდუსტრიულ პროგრამას გაეზარდა დაფინანსება.

გაიზარდა ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობა ქართული კინემატოგრაფის განვითარებისთვის, რამაც საგრძნობი ეკონომიის განხორციელების საშუალება მოგვცა.

ჩემი დირექტორობის დროს დაიწყო ქართული კინომემკვიდრეობის რუსეთიდან დაბრუნების შეუქცევადი პროცესი და სამი წლის განმავლობაში საქართველოს დაუბრუნდა 35 ქართული კინოფილმი.

ასევე ჩემი უშუალო მონაწილეობით დაიწყო ქართული ქრონიკალური მასალების გადარჩენის პროგრამა. 90 – იანი წლებიდან მოყოლებული, განადგურების პირას მისული ქართული დოკუმენტური და ქრონიკალური მასალები გადატანილ იქნა დაცულ დროებით საცავში. მასალები გაიწმინდა, აღირიცხა, აიციფრა (1 წუთი საინფორმაციო დემო მასალა). სულ დამუშავდა 17 000 ყუთი ფირი და დარჩენილი 12 000 ყუთი აღირიცხება 2019 წელს. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს უნიკალური ფირები გადარჩენილია.

ჩემი დირექტორად დანიშვნისას კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენდა 4 700 000 ლარს, დღეს ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტი შეადგენს 7 500 000 ლარს, მიმდინარეობს პროცესი ბიუჯეტის გაზრდის მიმართულებით და, იმედი მაქვს, წლევანდელი ბიუჯეტი გაიზრდება კიდევ 900 000 ლარით.

ძვირფასო კოლეგებო, ქართული კინემატოგრაფის განვითარება არ არის დამოკიდებული მხოლოდ კინოცენტრის საქმიანობაზე. თითოეული ჩვენგანის მოღვაწეობა განაპირობებს ინდუსტრიის წინსვლას. მე გულწრფელად ვაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც ვიცი და ვცდილობდი, სარგებლობა მომეტანა თითოეული თქვენგანისთვის.

მოცემულ ვითარებაში შევძელი ის, რაც შევძელი, პირველ რიგში, თქვენი, კინოცენტრის თანამშრომლებისა და, უბრალოდ, გულანთებული ადამიანების წყალობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს თანადგომისა და დახმარებისთვის. მერწმუნეთ, ისინი ყველანაირად მხარში უდგანან ქართულ კინოს, გვარებს არ ჩამოვთვლი.

განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლობას იმსახურებს კინოცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელი, მადლობა მათ.

ვფიქრობ, დროა, კინოცენტრის ხელმძღვანელად მოვიდეს პროფესიონალი, რომელიც კიდევ უფრო წინ წასწევს ქართულ კინოინდუსტრიას. მიმაჩნია, რომ ახალი დირექტორი ღრმად უნდა ერკვეოდეს კინოწარმოების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ, ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე კეთილშობილურმა, საჭირო და აუცილებელმა გადაწყვეტილების მიღებამ გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ინდუსტრიას.

ძვირფასო კოლეგებო, მე ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველანაირად მხარში დავუდგე, გავუზიარო გამოცდილება ახალ დირექტორს.

მადლობა ყველას!”