14 იანვარი, 2019

თამარ ციციშვილის დაუვიწყარი “დარიკო”

თამარ ციციშვილის დაუვიწყარი "დარიკო"მსახიობ თამარ ციციშვილის ცხოვრება კინოსა და თეატრს სრულიად მოულოდნელად დაუკავშირდა. მართალია, მას ხელოვნება ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსახიობი გახდებოდა.

კინოკამერის წინ მომხიბვლელი გოგონა შემთხვევით მოხვდა. რეჟისორი სიკო დოლიძე იღებდა ფილმს “დარიკო” და მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. სწორედ თამარ ციციშვილი დაინახა რეჟისორის გამჭრიახმა თვალმა ამ როლში, სინჯებზე მისვლა შესთავაზა და მთავარ როლზეც დაამტკიცა.

თამარ ციციშვილმა დარიკოს როლზე თავდავიწყებით იმუშავა, რასაც მოგვიანებით დიდი სიამოვნებით იხსენებდა:

“დღე და ღამე ვმუშაობდი დარიკოს როლზე. ვცდილობდი დარიკოს პიროვნებისა და საერთოდ რევოლუციური ქალის წარსულის ზედმიწევნით შესწავლას, თანდათან უფრო მიტაცებდა დარიკო. მე ის უსაზღვროდ შემიყვარდა ისე, რომ ცალკეული ეპიზოდების შესრულებისას მავიწყდებოდა, რომ მსახიობი ვიყავი – იმ წუთში მე თითქოს ხელახლა ვიბადებოდი.”

სადებიუტო როლი თამარ ციციშვილმა უმაღლეს დონეზე შეასრულა. მან ზედმიწევნით კარგად ისწავლა ცხენზე ჯდომა, ჯირითი, იარაღის ხმარება… ახალბედა მსახიობმა ფილმში ღირსეული პარტნიორობა გაუწია თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობებს.

თამარ ციციშვილი იმდენად პოპულარული გახდა დარიკოს როლის შესრულებით, რომ ქუჩაში მის დანახვაზე ყველა მღეროდა – “დარიკო ვარ გლეხის ქალი…”

ამ წარმატებას მოჰყვა მეორე – არანაკლებ საპასუხისმგებლო როლი – ნესტან-დარეჯანისა – შოთა რუსთაველის უკვდავი პოემიდან “ვეფხისტყაოსანი”. რეჟისორმა კოტე მიქაბერიძემ მშვენიერი მსახიობი მიიწვია ერთგვარ მოკლემენტაჟიან ექსპერიმენტულ ფილმში – “ქაჯეთის ციხის აღება”, სადაც თამარ ციციშვილის მიერ შესრულებულმა ნესტანმა მაყურებელი კიდევ ერთხელ მოხიბლა.

სიკო დოლიძისა და კოტე მიქაბერიძის ფილმებს კიდევ რამდენიმე რეჟისორის ფილმში მიწვევა მოჰყვა, რამაც მსახიობის ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა.

კინოსთან ერთად ულამაზესი თამარ ციციშვილის ცხოვრებაში თეატრიც შეიჭრა. მან კოტე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა.