16 იანვარი, 2019

ნიკა თავაძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ნიკა თავაძის არაჩვეულებრივი ინიციატივამსახიობ ნიკა თავაძის ინიციატივას, ინტერნეტ სივრცეში შეიქმნას ქართული თეატრის ინტერნეტ-ბიბლიოთეკა-არქივი, თეატრის მოყვარულების, მსახიობების და თეატრმცოდნეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

“ძვირფასო თეატრმცოდნეებო, ხომ არ გქონიათ ან გაქვთ სურვილი, შეიქმნას ინტერნეტ სივრცეში, ქართული თეატრის ინტერნეტ-ბიბლიოთეკა-არქივი, სადაც შევიდოდა ყველა სპექტაკლი – ძველი თუ ახალი, ნაწყვეტი და ფოტო მასალა, ასევე მოკლე ინტერვიუები და ჩანაწერები.

წინა თაობების გამოცდილება, მნიშვნელოვნად გამოადგება მომავალ თაობებს.

ვფიქრობ, დროა შეიქმნას ინტელექტუალური და შემოქმედებითად დახარისხებული და სისტემაში მოყვანილი თეატრალური ბაზა, რომელიც შეასრულებს ქართული თეატრის არქივის ფუნქციას, სადაც წლების მიხედვით დაიდება ყველა ჩვენს ხელთ არსებული, ვიზუალური თუ აუდიო მასალა. ეს იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, როგორც ქართული თეატრისთვის, ასევე მომავალი თაობებისთვის.

თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მზად ვარ ამ თემასთან დაკავშირებით შევიკრიბოთ, მოვისმინოთ ერთმანეთის და მოწვეული სტუმრების აზრი.”