17 იანვარი, 2019

ნიკა ჩერქეზიშვილი: “ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის”

ნიკა ჩერქეზიშვილი: "ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის"– ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის, – ამბობს პოეტი ნიკა ჩერქეიშვილი და რთულია მას ამაში არ დაეთანხმო:

“სადაც თვალს დავხუჭავთ,
ყველგან ვიღაც დაეცემა
და ჩვენ მიერ სიბნელისთვის გამეტებულებს,
წაქცეულებსა
და მოკლულებს შორის…
იქნებიან ბავშვებიც…

ნეტავ, ოდესმე თუ დადგება ის დღე, ჩვენი აღშფოთება ვირტუალურ ფანჯარას რომ დაამსხვრევს და რეალურ ცხოვრებაში, რეალური სიტყვითა და საქმით მოვთხოვთ პასუხს მათ, ვინც საკუთარ მუცლის ქონად აქცია მთელი ქვეყანა.

ამ ფაშვადქცეული მუცლების მოფხანას ჰგავს ეს ფარისევლური სამძიმრები, მწუხარების გაზიარებები და ყალბი მუქარა-დაპირებები, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
თვითონ არიან დამნაშავეები და იმიტომ.

საკუთარ თავს საკუთარი ნებით მხოლოდ ღირსებისა და სინდისის მქონე ადამიანები სჯიან.

ამ ქვეყანაში კი, სინამდვილეში, არაფერიც არ იცვლება, ვცხოვრობთ უბედურებიდან უბედურებამდე.
ერთი ის არის, რომ მათ შორის პერიოდი ყოველდღიურად მცირდება.

ორი თვეც არ არის გასული იმ შემთხვევიდან, დედა და ჩვილი რომ დაიტანა ბეტონის უზარმაზარმა ფილამ ფონიჭალაში. იქაც ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო.

მერამდენე დღე უნდა გამოცხადდეს გლოვის დღედ?

უკანასკნელ პერიოდს თუ გადავხედავთ, გლოვის თვეა გამოსაცხადებელი.

მე მქონია შეხება სხვადასხვა უწყებებთან, დაწესებულებებთან, ადამიანებთან და ყველგან დავმარცხდი. დავმარცხდი იმიტომ, რომ მარტო ვიყავი, არ მყავდა გავლენიანი ნაცნობები, არ მქონდა ფული და არა იმიტომ, რომ ვტყუოდი რამეში.

ჩვენ მიტოვებული გვყავს ერთმანეთი.

ალბათ, ბევრს ჩემსავით და მეც ღამე გამათენებინა გუშინდელმა ტრაგედიამ. წარმოდგენაც კი მანგრევს, რა დღეშია ახლა ის კაცი, ცოლი და შვილი რომ დაკარგა და კიდევ ორი შვილი საავადმყოფოში უწევს. მაქვს განცდა, რომ ერთი-ორი დღე კიდევ ვივიშვიშებთ აქ და შემდეგ მასაც მარტო დავტოვებთ, როგორც არაერთი მიგვიტოვებია დღემდე და მომავალშიც მივატოვებთ.

შესაძლოა, იმ დონის პასუხისმგებლობას არა, ვინც უშუალოდ არის დამნაშავე ამ ტრაგედიაში, მაგრამ ვგრძნობ ჩემს ბრალს, ჩემს დანაშაულს და მეზიზღება ის უძლურება, შემგუებლობა, გაუბედაობა და გულგრილობა, რაც საერთო სენად გვექცა.

ჩვენ ძალიან ცოტა ხანს ვცოცხლობთ და დანაშაულია ამ სიცოცხლის ასეთი გამოუყენებლობა, ასე უაზროდ და უარაფროდ გალევა.

გავუსწოროთ სინამდვილეს თვალი, თითოეული ჩვენგანი არის საშინლად დაუცველი, უძლური და რეალური საფრთხის ქვეშ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაისრისოს.

ამ ქვეყანაში დაცული მხოლოდ ადამიანების გარკვეული ჯგუფი და მათთან დაახლოებული ქვეჯგუფებია.

გუშინაც ვთქვი, ეს ტრაგედიები არ არის შემთხვევითი ხასიათის. კანონზომიერია. ეს არის ფარული ნაღმები, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდება და ეს არ არის წყევლა, გააზრებაა იმ მდგომარეობისა, რომელშიც ვართ.”