29 იანვარი, 2019

მოუსმინეთ ნიკა ჩერქეზიშვილს – “რით ვერ დაგვღალა ფარისევლობამ?”

მოუსმინეთ ნიკა ჩერქეზიშვილს - "რით ვერ დაგვღალა ფარისევლობამ?" პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს სრულიად სამართლიანი გულისტკივილი აქვს და ქართული საზოგადოების ფარისევლობით გაკვირვებულია:

“ეგზიუპერის “პატარა უფლისწულში” წერია ასეთი რამ:

“სიტყვები მხოლოდ ხელს გვიშლის ერთმანეთის გაგებაში.”

ხშირად მახსენდება ხოლმე ეს ფრაზა, როცა ვინმე ხუთი წუთის სავალზე ცხოვრობს ჩვენგან და კილომეტრიან ტექსტებს ვწერთ, როგორ გვიყვარს.

არიან ისეთებიც, ხმას რომ არ იღებენ, კონტინენტის მეორე ბოლოდან მიდიან ადამიანებთან და ერთი მუჭა მზე მიაქვთ მათთვის.

ჩვენ რით ვერ დაგვღალა ფარისევლობამ?
ვირტუალურმა ბლა, ბლა, ბლამ?
მიყვარხართ!!! თქვენთვის ვარ!!! თქვენი ვარ!!!
და ქუჩაში თვალი თუ მოვკარით ერთმანეთს, გზის მეორე მხარეს გადავდივართ.

უკვე გულის ნაცვლად მკერდშიც კლავიატურა გვიდგას და გაგვაქვს გაუთავებელი:
კაკ, კუკ, კაკ, კუკ, კაკ, კუკ, კაკ, კუკ…
მაგრამ ეს ის კაკუნი არ არის, რითაც კარი გაგვეღება, პირიქით.

ყველაფერი კარგი (ან ცუდი), მაგრამ მე რა შუაში ვარო, რომ გაეფიქრებათ, მათზე არ არის ეს სტატუსი.
როცა გეუბნებიან, რომ შენ არ გეხება, ტანზე არ უნდა გაიხადო. მარტივია.

ჩემს თავზე ვწერ ამ სიტყვებს (დამიჭერია საკუთარი თავი რაღაცეებში) და იმათზეც, ვისაც ჩემსავით უწერია ბრტყელი ტექსტები, ვისაც ხელისგულში იშვიათად მოუქცევია მზე, ვინც ფარისევლობას ვერ ელევა, ვინც ქუჩის სხვა მხარეს გადასულა გაჭირვებული ნაცნობის დანახვისას, ვისაც თვალი აურიდებია სხვისი ტკივილისთვის, ვისაც თითებზე კლავიატურა აქვს მიწებებული და ვინც გაუჩერებლად აკაკუნებს იმ მხარეს, საითაც არ არის გასასვლელი.

ყველა ლაქას ერთ გარეცხვაზე ვერ ამოიყვან, მაგრამ მცირედით დაწყებაც კარგია.

მთავარია, კაცი უსუფთაობას არ შეეგუო და ჭუჭყს ჭუჭყი არ დაუმატო.”