მეჯართე – გიო საჯაიას აუცილებლად წასაკითხი ჩანაწერი

მეჯართე - გიო საჯაიას აუცილებლად წასაკითხი ჩანაწერი“მეჯართე” – ასე უწოდა თავის ჩანაწერს პოეტმა გიო საჯაიამ, რომელიც ჯართის შეგროვების დროს გარდაცვლილ 12 წლის ბიჭს მიუღძვნა:

“12 წლის ბავშვის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს. ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა. 12 წლის გიგა ბაგაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს აგროვებდა. წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა. ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა.”

მეჯართე

“აკუმულატორებს ვიბარებ,
კონდენციონერებს ვიბარებ,
ძველ ტელევიზორებს ვიბარებ –
ჯართს ვიბარებ, ჯართს!
იქით მემაწვნე: მა-წო-ნიიი.
აქით მენაგვე: ნა-გა-ვიიი.
– მოგი..ან დედის ნა-წო-ვიიი…
(ჯართს ვიბარებ, ჯართს!)
თოკზე მობმული კალათით,
მკერდზე შეხსნილი ხალათით,
ვიღაცის ბოზი მამიდა
(ჯართს ვიბარებ ჯართს!)
ვიღაცას აძლევს ნისიად.
ვიღაც: მანქანა ვისია?!
ვერ გამოვდივარ, გასწიეთ! –
(ჯართს ვიბარებ ჯართს!)
მინების ჩასმით, დანების
ლესვით, “კართოშკით”, მაყვალით,
იწყება დილა ახალი,
(ჯართს ვიბარებ, ჯართს!)
ქალაქში, სადაც ძნელია,
არ იცოცხლო და ძნელია,
არ მოკვდე. ჰოდა ვიბარებ,
მე ამ ყველაფერს ვიბარებ,
მე ასეთ ქალაქს ვიბარებ,
ასეთ კოლორიტს ვიბარებ,
ამ სიბინძურით ვიბარებ,
ამ სისუფთავით ვიბარებ
და სიძულვილით ვიბარებ
და სიყვარულით ვიბარებ –
ჯართს ვიბარებ, ჯართს!”