გოდერძი ჩოხელის “თუში” – აუცილებლად წასაკითხი

გოდერძი ჩოხელის "თუში" - აუცილებლად წასაკითხი გოდერძი ჩოხელის “თუში” პატარა, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მოთხრობაა:

“ამ დედამიწის ზურგზე იშვიათად შეხვდებით ისეთ კეთილ და სიცოცხლით სავსე ხალხს, როგორც თუშები არიან.

საუკუნეების მანძილზე, სოფლიდან სოფელში მიმავალ ვიწრო ბილიკებზე დააჭენებენ თუში მხედრები ცხენებს და ისეთი ჟინითა და გახელებით აკეთებენ ამას, ერთთავად სიკვდილ-სიცოცხლეს ეთამაშებიან, თითქოს უნდათ ამ ქარაფებზე ცხენის ჭენებით სიკვდილი დააშინონ. სიკვდილი ხომ სულ უკან დასდევს მათ, ხან – ზევით, ხან – აბობოქრებული ალაზნით და ხანაც – მომხდურის ტყვიით.

თუშეთის ბუნება აქაურმა მთებმა ჩამოაყალიბა, სანთელივით ჩამოქნა, ჩამოხვეწა, აანთო და როგორც ხატისკარს ანთებული სანთელი ანათებს ბნელს, ისე თუშის ლაღი ხასიათი ანათებს და ამშვენებს ადამიანთა მოდგმას.

ზაფხულობით თუშები ეძლევიან ლხინს. იხდიან დღეობებს; დღეს რომ დანოშია დღეობა, ხვალ – ფარსმაში, ზეგ – გირევში, მერე – დართლოში, შენაქოში, ჩიღოში და ასე გადაბმულად, ერთიმეორის მიყოლებით.

სწორედ ასეთ დღეობებში გავიცანი ერთი უცნაური თუში. დანოში ვისხედით წყაროზე და ვდღესასწაულობდით. ფერდობზე ერთი ახალგაზრდა თუში ჩვენკენ მოაჭენებდა ცხენს. მოვიდა, ჩვენგან მოშორებით უცებ შეაყენა ცხენი და ხმამაღლა შემოგვძახა:

– ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

მერე სწრაფად შეაბრუნა ცხენი და გააჭენა. მისმა შეძახილმა უფრო მეტი მხიარულება შემატა თუშებს და უფრო გალაღდნენ, გააჩაღეს ცეკვა-თამაში.

შემდეგ დღეებშიც, ხატობების დროს, საიდანღაც უცებ მოაჭენებდა ხოლმე ის თუში ცხენს, ყალყზე შეაყენებდა და იმედიანად დაგვძახებდა:

– ნუ გეშინიათ, ხალხო, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!

და ლაღობდნენ თუშები…

მე კი, როცა გამიჭირდება, იმწუთას ის ცხენოსანი თუში ამომიხტება ხოლმე მეხსიერებაში და ნახევრადხუმრობით, იმედიან ხმაზე დამძახებს:

– ნუ გეშინია, კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება!”