განსაკუთრებული საჩუქარი ლია ელიავასთვის

განსაკუთრებული საჩუქარი ლია ელიავასთვისგანსაკუთრებული საჩუქარი მსახიობ ლია ელიავასთვის პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა შექმნა. მან უნიჭიერეს, კეთილშობილ და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ მსახიობს ლექსი მიუძღვნა:

”ღმერთო, როგორ დააკლდა საქართველოს ეს კეთილშობილი, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული დიდი მსახიობი!.. ჩემს პოეზიას კი შემორჩა მისი ლამაზი, მშვენიერი სახელი!”

***

“ვერცხლისფერი წვეთებით ინამება საყდარი,
არსად წვიმა არ არი, ქართულ წვიმის სადარი…
და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან,
პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.
ცაზე ფერთაცვენაა და არ სძინავთ ვარსკვლავებს,
ლილისფერი სხივებით შლიან წვიმის ნაკვალევს.
არე ისე თეთრია, როგორც ფერი სადაფთა,
გვირილების სეტყვაა ელიავას საფლავთან…
მთაწმინდიდან ტაბიძე მთვარეს ტერფით აგორებს,
პეშვით მჩუქნის ლაღიძე ოქროცურვილ აკორდებს…
ტიციანი ზევსივით ცაზე აგებს ხარაჩოს,
ლადო აწვდის პაოლოს ბღუჯა ველურ ყაყაჩოს…
სადღაც მინდვრის შროშანებს, ლეწავს ქარი შეშლილი
და მიარღვევს შავ ზვირთებს გურამ რჩეულიშვილი…
ვაჟა ეალერსება უწესრიგოდ დაყრილებს
ყვითელ-ყვითელ მიმოზებს და პარნასის ყვავილებს;
არც სიმაღლე აშინებს და არც მელანქოლია
პოეზიის ხელმწიფეს და ცალთვალა გოლიათს!..
იფრქვევიან სივრცეში ფერმიხდილი გამები,
დგანან კატაფალკასთან ნიკალა და გრანელი…
ო, ეს ლექსთა ზვავები! – ფანტაზია ულევი,
სისხლთან შენაზავები მწიფე ბროწეულები.
ვისთვის ლექსი ზღვაა და, ვისთვის მზე და მეწყერი,
ფუნჯით ხატავს პეიზაჟს ღამის თეთრი ფერმწერი.
ვდგავარ ალმოდებული და რატომღაც მგონია,
საქართველო ზეციდან ლექსთა პანთეონია!..
უფლის ხელდასხმულია ეს ლამაზი ქვეყანა,
დაბლა ლექსთა თოვაა, მაღლა – ლურჯი ზეყანა!..
და ამ ვარსკვლავთცვენაში, ო, არ სძინავთ ამურებს,
მთვარე მიყრის უბეში წითელ-წითელ ალუბლებს…
და, ვით წვიმის დაქალი, მეც ვმეგობრობ კოსმოსთან,
პანთეონში ვტრაპეზობ პოეზიის კოცონთან.”