28 იანვარი, 2019

ეს ყველა ქართველმა ზეპირად უნდა იცოდეს

ეს ყველა ქართველმა ზეპირად უნდა იცოდესყველა ქართველმა ზეპირად უნდა იცოდეს ლეილა ლეგაშვილის ლექსი, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით არის განმსჭვალული:

“შვილო, ეს შენი ჭირნახული საქართველოა
და მის ფესვებზე სამამულე ყლორტად მინდიხარ,
ეს შენი ზღვა და მოხატული შენი მდელოა
და მამა-პაპის ნაკვალევზე სწორად მიდიხარ!
მიდიხარ, ქედზე ჩამოგიდგამს მზე სიცოცხლისა
და ალაზანში მოლივლივე დილა გიღიმის,
სახნისში გიხმობს გუთნისდედა, ნიკორა, ნიშა
და ყურსა სწვდება წინაპრების ტკბილი ღიღინი…
დიახ, ეს შენი ურმულია და დედის ნანა,
შენი ლილეო, ჩაკრულო და ფერხული მკაში,
მაგ შენს მხარ-ბეჭებს შემოსწვდება მომხვდური განა?!
ზარის ჩამოკვრას ვინ დაგასწრებს მთაში თუ ბარში?!
გიქებს მგლის მუხლებს, ქორის მზერას, სილაღეს ირმის
ურმის კოფოდან აფრენილი ბავშობა შენი,
არაფრად გიღირს ბზინვარება ოქროს და შირმის,
მაგ თეთრ ჩოხაზე მოქარგული გულმკერდი გშვენის.
გშვენის და გავსებს სისპეტაკე , სიმწიფე სულის,
გვარ-მოსახელევ, არ გჩვევია გატეხვა ფიცის,
დაგყვება მადლი, დალოცვილი ღვინის და პურის
დედის რძესავით შესარგები და დასაფიცი.
შვილო, ეს შენი ხევებია და ლურჯი ტბები,
გასახედნი გყავს ყალყზე მდგარი თეთრი რაშები,
შენ სიჭაბუკის მათრობელა ნექტარით ტკბები
და საჯიხვეებს არწივივით ეთამაშები.
გაშალე ფრთები, გადაევლე ზვრებს და ვენახებს,
მკლავზე სათუთად დაიწვინე ყურძნის აკიდო,
შენს სალოცავებს გაწმენდილი სულით ენახე,
რომ ზედაშედან ქვეყნის სვე და ბედი ადიდო.
მირონად იცხე მადლიანი ვაზის ცრემლები
და სურნელება საწნახელის, ძველი მარანის,
ფეხის გულებით ისე წურე ქვევრში მტევნები,
რომ ჭერსა ხდიდეს ექო შენი ჰარი-ჰარალის!
ძარღვებში ნაქებ ჯიშ-ჯილაგით ნაზავი სისხლით
სოფელ და სოფელ წამოჭიმე ძმობის კარავი,
სამშობლოს მიწა მიიზომე სულ მისხალ-მისხლით,
მწამს, ერთ გოჯ მიწას არ დაუთმობ უკვე არავის!
აისისფერად შემოირტყი ტანზე რიჟრაჟი,
დაისის ფერად და უღრუბლოდ დღე დაასრულე,
ძმობის ფერხულში გადაეშვი ცეკვით გიჟმაჟით,
თავი დაუკარ აფხაზთა და ოსთა ასულებს….
ანცი ქარივით აედევნე გიშრისფერ ნაწნავს
და კარიბჭემდე დაუფინე შუქი მთვარისა,
პირიმზეებით, ლალისფერით, გვირგვინი დაწან
და თავზე რიდით ჩამოადგი პირიმთვარისას.
შვილო, ეს შენი ტაძრებია, უტყვი ძეგლები,
ცად აზიდული გუმბათები და დედო ზარი,
თეთრ სამრეკლოებს მზის სხივივით შემოევლები,
რომ ქვით და კირით მოუშუშო ჟამთა სვლის ბზარი.
აიჭერ მთებში, ნაფუძვარებს უხარე ხარო,
ქვაში ჩუქურთმად ამოკვეთე სიბრძნე ერისა,
უპოვართათვის ხნულში უნდა მარცვალი ყარო,
რომ გაბრწყინება იზეიმო შენი გენისა.
გახსოვდეს მუდამ, ქვეყნის ბედიშენი ბედია
და არასოდეს შეგერცხვინოს დედის მანდილი,
რომ ჭირთა თმენაც ოდითგანვე რჩეულთ ხვედრია
და ქართველობა არასოდეს იყო ადვილი.
აკვნიდან დაგყვა სიყვარული და რწმენის ნიშა,
მწამს, დედა-ქვეყნის მეციხოვნე ბურჯად იზრდები,
სამშობლოს დროშას ხელს შეახებ, სიმტკიცის ნიშანს,
და მის დიდ წარსულს – დიდ მომავლად შეეხიდები.
არ შედრკე, არად არ ჩააგდო, მტარვალთ სიმრავლე
საფიცრად გქონდეს თავდადება გმირი ბიჭების,
მათ საფლავებზე ია-ვარდი ისე ამრავლე,
რომ მტერსაც შერცხვეს შენს მიწაზე გადმობიჯების.
მალამოდ ეცხე ჩამოტეხილ მამულის კიდეს,
რომ დაგილოცოს ბრძოლის ჟინი და გამარჯვება,
აიღე ჯვარი კურთხეული და ერთხელ კიდევ,
სამშობლოს საზღვრებს შემოავლე შენი მარჯვენა!”