Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ედიშერ მაღალაშვილი – ალალი და გულუბრყვილო მსახიობი

4 იანვარი, 2019

ედიშერ მაღალაშვილი - ალალი და გულუბრყვილო მსახიობიედიშერ მაღალაშვილი ქართულ თეატრსა და კინოში უარყოფითი პესონაჟების განსახიერებით ნამდვილი რეკორდსმენი იყო. წესით, მაყურებელს ალბათ უნდა შეზიზღებოდა კიდეც, მაგრამ მსახიობი იმდენად უყვარდათ, რომ მას გულშემატკივართა არმია დაყვებოდა.

გულშემატკივართა შორის, რა თქმა უნდა, ქალბატონები სჭარბობდნენ – სახლში გამუდმებით ურეკავდნენ, წერილებს უგზავნიდნენ, რაზეც მსახიობი იცინოდა. მოსწონდა პოპულარობა – სიმპათიური, კოხტად ჩაცმული, თავდაჭერილი მამაკაცი გულგრილს არავის ტოვებდა.

მსახიობის პროფესია დავით რონდელთან ერთად სუფრასთან მოხვედრამ გადაწყვიტა. სწორედ მან მიიყვანა კინოსტუდიაში და სამსახიობო სკოლაში სიარული ურჩია.

ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როდესაც რეჟისორმა ვახტანგ ტაბლაივშილმა ეპიზოდური როლი ათამაშა ფილმში “ქეთო და კოტე”.

ამ მომენტს ედიშერ მაღალაშვილი ასე იხსენებდა:

“ვახტანგ ტაბლიაშვილმა დამიძახა და მითხრა, არ არის მთავარი როლი, მაგრამ შენისთანა ბიჭი კოტეს გარემოცვაში მჭირდება და ჩემთან უნდა მოხვიდეო. ტაბლიაშვილს ვინ ეტყოდა უარს? ის იყო ღმერთი ჩვენთვის. მაშინ დადგა “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”, “ერეკლე მეფე”, “დავით აღმაშენებელი”. ზღაპრული სპექტაკლები ჰქონდა. მივედი და როცა კოსტიუმებს და გრიმებს სინჯავდა, ცოტა მოშორებით დავხტოდი, უცებ დამიძახა, მეორე რეჟისორს მოატანინა ტექსტი და მითხრა, ამ სტროფს ისწავლი და სადაც გეტყვი, იქ უნდა გამოჩნდეო. ეპიზოდი, სადაც ფანჯრიდან ვუყურებთ ქეთოს სიმღერას, არ იყო სცენარში და ტაბლიაშვილმა სპეციალურად ჩემთვის მოიგონა. ეს როლი ყველაზე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ამ პატარა როლმა მომცა გზა თეატრისაკენ.”

განვლილი გზა არ იყო მარტივი – იყო ბევრი გულისტკენა, იმედგაცრუება, მარჯანიშვილის თეატრიდან რუსთაველის თეატრში გადასვლა. მარჯანიშვილის თეატრში აგრძნობინეს, რომ იქ ზედმეტი იყო და უნდა წასულიყო. ეს მომენტი მსახიობს სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არასოდეს საუბრობდა.

რუსთაველის თეატრში გადასვლის შემდეგ ედიშერ მაღალაშვილმა ითამაშა სპექტაკლში “სეილემის პროცესი”. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სპექტაკლმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა და მსახიობის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ედიშერ მაღალაშვილი ერთი შეხედვით მკაცრი გეგონებოდათ, მაგრამ სინამდვილეში იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მიმნდობი, ალალი და გულუბრყვილო ადამიანი.

სიცოცხლის ბოლო წლებში კინოში გადაღებაზე უარს ამბობდა, თეატრში კი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. ერთ-ერთ სცენაში საკმაოდ სერიოზული სტენოკარდიის ფონზე თხუთმეტი წუთი შეუჩერებლად იცეკვა.