ყველაზე სასარგებლო რჩევა ილია ჭავჭავაძისგან

ყველაზე სასარგებლო რჩევა ილია ჭავჭავაძისგან“ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს,” – ამბობდა ილია ჭავჭავაძე და უმეცრებასა და უვიცობას დიდ ჭირს უწოდებდა:

„უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკვიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, აქ იგი მეტიჩრობას ვერა ჰკადრულობს, დუმილს უფრო რჩეობს, სხვას უსმენს, სმენელს თავისი ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონს და ამნაირად თავის საკუთარ აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავის თავი სხვაზე მეტი არ ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს, მან თავის ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც ერთნაირად, მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩრობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.“