ყველაზე გულწრფელი წერილი სანტას

ყველაზე გულწრფელი წერილი სანტასახლოვდება ახალი წელი და სანტა სულ უფრო ბევრ წერილს იღებს.

კალიგრაფისტმა გიორგი სისაურმა სანტას ყველაზე ემოციური და გულწრფელი წერილი მისწერა:

“გამარჯობა სანტა.

მე ის ვარ, ვინც ყოველთვის გავიწყდებოდა. ის, ვინც მთელი ბავშვობა გელოდა, ყველასგან ფარულად ყოველ ჯერზე გწერდა წერილებს და შენ მაინც არსად ჩანდი.

არასდროს დამიკარგავს იმის რწმენა, რომ არსებობდი, რადგან ჩემს სამეგობროში, ბაღში, სკოლაში, სამეზობლოში ყველა ჩემი თანატოლი შენზე საუბრობდა და იმაზე, თუ როგორ, ან რითი გაახარე ისინი, მათ შორის ბევრი ისეთი ბავშვიც, რომლებიც წლიდან წლამდე დროს სხვა ბავშვების ჩაგვრაში და დაცინვაში ატარებდნენ.

ვფიქრობდი ხოლმე სევდიანად ამ ყველაფერზე… გულჩათხრობილი ვიჯექი იმედგაცრუებული შობისა თუ ახალი წლის შემდეგ და ვფიქრობდი ჩემთვის, თუ რატომ გავიწყდებოდი. რა ხერხით არ ვცადე შენთან დაკავშირება – ნახატებით გაფორმებულ ლამაზად დაწერილ წერილს ბალიშის ქვეშ ვდებდი, ბუხარში ვაგდებდი, ცეცხლის ალშიც დამიწვავს წერილი და შემდეგ მისი ფერფლი შამპანურში ჩაყრილიც დამილევია, (ბევრისგან მსმენია ეს უკანასკნელი ამართლებსო) მთელი გულითაც ჩამითქვამს სურვილი – იმ იმედით, რომ არამატერიალურადაც მიიღებდი ჩემს ნატვრას.

არადა არაფერს გთხოვდი განსაკუთრებულს, მხოლოდ ის მინდოდა ერთხელ მაინც მოსულიყავი და მეგრძნო, რომ ჩემთვისაც არსებობდი და მითოსური არ იყო შენით დამშვენებული “ჯადოსნური ახალი წლის ღამე”.

განსხვავებული ბავშვი ვიყავი იმ გაგებით, რა გაგებითაც ბავშვობა სათამაშოების ფერადი სამყაროა. ჩემი სათამაშო ფუნჯი იყო და ფერადი ამ სამყაროში მხოლოდ საღებავები იყო, რომლითაც ვქმნიდი. კარგი ბავშვი ვიყავი, აზრიანი, ჩაფიქრებული, უბრალო, ცოტა სევდიანი და თავის სამყაროში გამოკეტილი, მაგრამ კეთილი. 12 წლიდან ვმუშაობდი, ვქმნიდი იმ შემოქმედებას, რომელშიც სამყარო თავის სხივებს ავანებდა, თავად შემოქმედი კი თავისი ენერგიით კვებავდა მათ. ეს ყოველივე ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო ყოველთვის. ეს აღარ იყო ბავშვობა. ეს იყო ბავშვობაში ჩარჩენილი 12 წლის ზრდასრული ადამიანის ცხოვრება, სადაც “სისხლითა თუ ცრემლით” იქმნებოდა მშვენიერება.

ჩემი პირველი წიგნი – “მათხოვრის დღიურები” რომელიც 15 წლისამ დავწერე და გამოვეცი და რომელიც ალბათ არც გაქვს წაკითხული – იყო ამ ყოველივეს ანარეკლი. სწორედ ამ წიგნის წერისას 15 წლის გიორგი მიხვდა, არა იმას, რომ შენ არ არსებობდი, არამედ იმას, რომ შენი არსებობა გამორჩევითია და სანტაც და მისი ჯადოსნური ახალი წლის ღამეც მხოლოდ შეძლებულ ოჯახებში დაბადებული ბავშვების “საკუთრება” იყო.

ჩემმა პირველმა წიგნმა დამაფიქრა იმაზე, რომ შენ გავიწყდება ბევრი უსახლკარო ბავშვი, ბევრი ობოლი, ბევრი მზრუნველობამოკლებული ადამიანი, ძალიან ბევრი კარგი ბავშვი, რომლებიც წლების მანძილზე კარგადაც სწავლობენ, კარგადაც იქცევიან, მშობლებს ეხმარებიან, შრომობენ – ბავშვები, რომელთა გულში თუ სულშიც სინათლე სუფევს და ყოველ ახალ წელს იმედითა თუ ჯადოსნურობით განმსჭვალულნი გელიან შენ.

მე გავიზარდე, ახალი წელი კი მაინც, ყოველ ჯერზე თავისებურად მასევდიანებს. არასდროს გამქრალა ჩემში ის გიორგი და ის სინათლე, რომელიც შენ გელოდა. არაფერი მინდა შენგან, მე ყოველთვის გვერდით მყავს ჩემი ლურჯი ანგელოზები და თავად შემოქმედი, რომლებიც წლიდან წლამდე საოცარ სიტყვებს ფანტავენ ჩემი ხელიდან ამაზე ჯადოსნური კი ჩემთვის არც შენი მფრინავ მარხილს შებმული ირმები და არც საჩუქრებით დატვირთული სანატრელი ხურჯინია.

ერთადერთი ნატვრა დამრჩა შენთან: ნუ დაივიწყებ იმ ბავშვებს, რომლებიც ცრემლებნარევი თვალებითა და ანთებული გულით გელიან. ერთხელ მაინც იყავი მართლა ჯადოსნური. ერთხელ მაინც იყავი ყველასთვის…

პატივისცემით: შენ მიერ დავიწყებული ბავშვი პლანეტა დედამიწიდან.”