Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ყოველთვის ღმერთი მიშლიდა ხელს თვითმკვლელობაში” – ანა ლაშხელი ონიანი

19 დეკემბერი, 2018

"ყოველთვის ღმერთი მიშლიდა ხელს თვითმკვლელობაში" - ანა ლაშხელი ონიანიპოეტი და მწერალი ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.

მისი ლექსები და ჩანახატები მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღესაც ასეა.

“არტინფო” გთავაზობთ ანას ერთ-ერთ ჩანახატს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობი და ახლობელია:

“არც ისე ადვილია მისწერო ღმერთს საკუთარ თავზე, თუ რა თქმა უნდა, ბავშვი არ ხარ. ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების დანგრევა, მათ მხოლოდ სხვისი თოვლის ბაბუა შეიძლება დაანგრიონ და მერე ამაზე ჩაძინებამდე იდარდონ…

რომ ვიცოდე საიდან დავიწყო, დავიწყებდი დალაგებულად, მშვიდად და ქრონოლოგიურად მივყვებოდი სათქმელს, მაგრამ ამის ნიჭი ვინ მომცა, ასე მგონია ჭრელი ძაფის დიდი გორგალია ჩემი ცხოვრება, გორავს და თან დავყვები, ხან ერთ დღეს გადავახტები, ხან მეორე კვირას, ხან აღმართი მხვდება, ხან დაღმართი, ვერც ერთი ქუჩის ეკლესიასთან ვერ შევჩერდი, ყოველთვის ღმერთი მიშლიდა ხელს თვითმკვლელობაში და ასე გამოდის ჩემ სიკვდილსაც არსად ეჩქარებოდა…

რამდენჯერ დავაპირე ცხოვრებაზე ხელი ამეღო, ყოველთვის თვითონ დამასწრო და იგივე გააკეთა. ბავშვობაში რომ მკითხავდნენ რა უნდა გამოხვიდეო, კარგი ადამიანითქო, ახლა როცა ზედმეტად გავიზარდე ამ ოცნების დასამტკიცებლად ძალა არ მყოფნის. ასე ვუღალატე ბავშვობის არაერთ ოცნებას, რა ჩემი საქმეა თქვენც იგივე დაგემართათ თუ არა, მთავარია ახლა ყველა მაშინდელი ოცნება ისე მტკივა, როგორც შორსწასული დედის მონატრება… სინამდვილეში არასოდეს მდომებია ცუდი ადამიანი ვყოფილვიყავი, მაგრამ მაშინ არც ის ვიცოდი ცუდი რა იყო. ის კი არა და ადამიანი მხოლოდ სახელი და გვარი მეგონა. ახლა როცა ვიცი ადამიანის არსი, სახელის შეცვლა მინდა, გადარქმევა, კი არა დასაერთოდ წაშლა მინდა ჩემი არსებობის, ისეთი რთულია ადამიანობა, მხოლოდ სახელს პლიუს გვარი, დიდ გაუგებრობას უდრის ჯამში.

რაც უფრო ხშირად ვიხსენებ ბავშვობას, მით უფრო აუტანელია დღევანდელი ყოფა… რაც უფრო ვაანალიზებ დღევანდელობას, მით უფრო ბუნდოვანია მომავალი. რასაც ადრე ხალისით და სიხარულით ვაკეთებდი, ახლა მრცხვენია იგივეს გაკეთება, მაგალითად თოვლის ჭამა… დღეს ზუსტად ვიცი, ასაკი რას ნიშნავს, მხოლოდ მაშინ მივხვდი წლების გასვლას, მწიფე ბალზე რომ ვერ ავედი სიმაღლის შიშით. დედის კაბის ღილებს ვეტოლებოდი სიმაღლეში, ბოლო ღილის მერე გადაწყვეტილი იყო, მეც დიდი ვიქნებოდი, ახლა დედას მაღლიდან ვუყურებ და როცა თავი მის კალთაში მიდევს, ასე მგონია 5 წლის გოგო ვარ. ადრე ხიწვითაც რომ გამკაწვროდა თითი, ტირილით მივვარდებოდი დედას და ჩახუტებით ვითხოვდი შველას, ახლა გული რომ მისკდებოდეს, ტელეფონს ავიღებ, დავრეკავ და ჩემ ტკივილზე კი არა, მეზობლებზე ვეკითხები რამდენიმე სიტყვით, მერე ძლივს გადავყლაპავ ყელში მობჯენილ სევდის ბურთს და თვალდახუჭული ვუსმენ მის ხმას… ნეტავ ყურმილის დაკიდებასავით ადვილი იყოს ტელეფონის აღება და პასუხის გაცემა მის კითხვაზე, როგორ ხარ? კითხვა რომელიც მანადგურებს… ყველა შემთხვევაში უნდა მოვატყუო რომ კარგად ვარ, მერე დავდგე და მისი ხმის გაგონებაზე ვიტირო, ისე ჩუმად რომ მეც ვერ გავიგონო…

ხშირად ვეკითხები თავს, ღირდა კი დაბადება ასეთი ცხოვრებისთვის? მაგრამ ან დაბადებას ვინ გვკითხავს, ან ცხოვრებას… ან სამივეს ერთად, სიკვდილიც რომ ურევია…

გამარჯობა, ღმერთო, მე ჩემი სულის კუთხეში ვზივარ და აქედან გასასვლელს ვეძებ… შეგიძლია მოხვიდე, ამდენი ღია კარიდან მირჩიო, სამყაროში რომელი კარით გავიდე რომ ისევ აქ არ დავბრუნდე… შეგიძლია ის გზა მანახო, საკუთარ თავამდე რომ მიმიყვანს…

მასწავლე როგორ ამოვავსო ჩემში ის ცარიელი სივრცე, სადაც ადამიანი უნდა ცხოვრობდეს…”