14 დეკემბერი, 2018

ქართულ-გერმანული სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ქართულ-გერმანულ სპექტაკლი მოზარდ მაყურებელთა თეატრში19 და 20 დეკემბერს 15 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერაა.

„სპლიყვიFant“ – ასე ეწოდება ქართულ-გერმანულ სპექტაკლს, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქციაა და გათვლილია 3 წლიდან ასაკის ბავშვებზე. ასეთი სახის თანამშრომლობა პირველია მოზარდ მაყურებელთა თეატრის ისტორიაში.

35-წუთიანი სპექტაკლის სცენაზეა ორი ოთახი, ორი ლოგინი, ორი ადამიანი, რომლებიც დასაძინებლად ემზადებიან. კბილების გამოხეხვა არ დაგვავიწყდეს, ბალიშები გავისწოროთ, საბნები გადავიფაროთ, შუქი ჩავაქროთ და ძილი ნებისა… როცა გეძინება, ფანტაზია იღვიძებს და სიბნელეში უცნაური თავგადასავლები იწყება. ჩვეულებრივი ნივთები ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ.

„სპლიყვიფანტი“ ქართულ-გერმანული სიტყვის „სპილოს“ შერწყმას წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია ქართულ-გერმანული საბავშვო თეატრების ცოდნა და გამოცდილება.

სპექტაკლში მონაწილეობენ ქართველი და გერმანელი მსახიობები სოფო ახუაშვილი, ნორა-ლიი ზანვალდი, ბენიამენ ვინენი, გიორგი ჯიქურიძე.

სპექტაკლის რეჟისორია იულე კრაჰტი, მხატვრები – ნინო ჩიტაიშვილი და კარსტენ შმიდტი.

გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

„სპლიყვიFant“-ის გერმანული პრემიერა ლაიფციგში 2019 წლის 13 აპრილს შედგება.