Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკა რურუას მოგონება, რომელიც პირველად ქვეყნდება

5 დეკემბერი, 2018

ნიკა რურუას მოგონება, რომელიც პირველად ქვეყნდება“ნიკა რურუა სულ წერდა. როგორც თავად განმარტა ერთი წიგნის შესავალში, ბავშვობიდანვე.

დღეს ერთადერთი მახარებს: რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ინიციატივით, მისი ნაწერების დიდ, სამწუხაროდ, უკვე სასრულ რაოდენობას, არაერთი საინტერესო ნააზრევი და ორიგინალური ჩანახატი შეემატა.

ნიკას ეს მოგონება ახლა პირველად ქვეყნდება და აღმოჩნდა, რომ ის ჩემი ბოლო „დაკვეთა“ ყოფილა.

მივწერე, ერთი საინტერესო წიგნისთვის საბჭოთა კავშირის შესახებ მოგონებებს ვაგროვებთ, ერთ პატარა მოგონებაში უნდა ჩანდეს, რაც იყო საბჭოეთი-მეთქი. დედლაინიო როდისააო (საქმეში როგორი იყო, გახსოვთ). მალევე გამომიგზავნა. შეხსენება არასოდეს სჭირდებოდა.

პატარა ბავშვივით გაუხარდა, როცა მივწერე, ძალიან მომეწონა-მეთქი. წამებში ხვდებოდა, რაც გინდოდა და თუ OK-ის გეტყოდა, უზუსტესად ასრულებდა.

ეს ფოტოებიც მან გამომიგზავნა. მოგონებას დავურთოთო.

ბოლოს 19 ნოემბერს ვნახე. როდის გამოსცემო – კიდევ ერთხელ მოიკითხა. ავტორები ზარმაცობენ, განა ყველა შენ გგავს-მეთქი. გაეცინა და მოგეხმარებიო. უცხოურადაც გამოვცეთ მერე-მეთქი. აუ, ძაან მაგარიო და დავიშალეთ… აღმოჩნდა, რომ სამუდამოდ…

აი, ის ბოლო „დაკვეთაც“. ბევრ სხვა ნიჭთან ერთად, წერისაც უხვად ჰქონდა დაბერტყილი, მოგეხსენებათ” – ასე გამოეხმაურა კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალებას ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

“პირველი ტკივილი”

საბავშვო ბაღში სულ ერთი წელია, რაც დავდიოდი და ის ძალიან მომწონდა. მომწონდა მცენარეებით სავხე ეზოში თამაში (როგორც მოგვიანებით გავიგე, საბავშვო ბაღი „გაკულაკებული“ საბჭოთა ფუნქციონერის სახლში მოეწყოთ, მფლობელისთვის მისი ჩამორთმევის შემდეგ), საახალწლო ზეიმები, ზოია და ნელი მასწავლებლების მოყოლილი სხვადასხვანაირი ამბები, თბილი კომშის კომპოტიც კი.

ერთადერთი რაც არ მომწონდა, იყო ის, როცა დედაჩემს ან დეიდაჩემს საღამოს აგვიანდებოდა და სხვა ბავშვების წასვლის მერე ცარიელ ოთახში ვიჯექი ერთი-ორ ჩემნაირად „მივიწყებულ“ და ყურებჩამოყრილ ბავშვთან ერთად. ამ დროს მეგონა, რომ აღარასოდეს მომაკითხავდნენ და ბაღში სამუდამოდ მტოვებდნენ. და როგორც კი ეს ფიქრი აუტანელი ხდებოდა, იმ წუთს კარი იღებოდა და დედაჩემი, ან ბებიაჩემი, ან დეიდაჩემი სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯებდა უკვე თითქმის ჩაბნელებულ ოთახში, პალტოს მაცმევდა და სახლისაკენ ჰერი-ჰერი. თუმცა, ეს საკმაოდ იშვიათად ხდებოდა, ასე რომ ბაღი, ძირითადად, სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემს, ჯერ მხოლოდ ხუთწლიან ცხოვრებაში.

ერთ მშვენიერ დღესაც ბაღში მასწავლებელმა ძალიან საინტერესო რაღაც მოგვიყვა, რაც ძალიან გამიხარდა, რადგანაც მიყვარდა სახლში ჩემი ბაღის ამბების მოყოლა-ტრაბახი და ამით ალბათ იმის ხაზგასმა, რომ ჩემს გარშემოც ხდებოდა მნიშვნელოვანი ამბები. ამიტომ რაღაც არაადამიანური მცდელობით მოვითმინე, რომ გზაშივე არ მეამბო დედაჩემისთვის, ის, რაც იმ დღეს გავიგე. სახლამდე ტუჩებმოკუმულმა მივაღწიე. სახლში მამაჩემი შემოგვეგება. იქვე ბებიაჩემიც ფუსფუსებდა. მოკლედ, მთელი ჩემი აუდიტორია სრულად იყო წარმოდგენილი. გადავწყვიტე გამდიდრებული გამოცდილების გაზიარება დამეწყო.

პირველად მამაჩემს მივმართე. რაღაც უნდა მოგიყვე-მეთქი. გისმენო, მითხრა. დე, შენც მინდა იყო ოთახში – ვუთხარი დედაჩემს. კარგიო – იყო პასუხი. ბებიაჩემი უსიტყვოდ მიღიმოდა. მას არ ჭირდებოდა ჩემი თხოვნა – ისედაც უყვარდა ჩემი სმენა. ყოველშემთხვევაში ასე მეგონა. მოკლედ, დავიწყე სიტყვით გამოსვლა.

მოკლე შესავალში ვთქვი, რომ დღეს ზოია მასწავლებელმა ძალიან მაგარი რაღაც მოგვიყვა. საქმე შემდეგში იყო: თურმე, ადრე არსებობდა ერთი უსაყვარლესი და უკეთილესი ბავშვი, რომელსაც დიდი ლოყები და ქერა კულულები ჰქონდა, ვისი ფოტოც მთელ ბავშვებს ერთად გვაჩვენეს. არათუ გვაჩვენეს, მერე ჩვენი ჯგუფის სათამაშო ოთახის ყველაზე გამორჩეულ ადგილას, ბუხრის პირდაპირ დაკიდეს. ამ ქერა, დიდლოყებიან და უსაყვარლეს ბავშვს თურმე მსოფლიოს ყველა ბავშვებისთვის სიკეთის მოტანა უნდოდა და როცა გაიზარდა, ზუსტად ეს გააკეთა – მთელი მსოფლიოს ბავშვებს უდიდესი ბედნიერება მოუტანა. ამ საყვარელ ქერა ბუთხუზას სახელად ერქვა… ვალოდია. მისი გვარი ვერ დავიმახსოვრე. მაგრამ მამაჩემი უცებ მიხვდა, რომელ ბავშვზეც ვუყვებოდი და გვარი თვითონ მკითხა. შემახსენა, უფრო სწორედ. კი, კი – სიხარულით დავუდასტურე მე. ლენინი. ლენინი. კი. ვალოდია ლენინი.

უცებ ვერ მივხვდი, რატომ გადახედეს ერთმანეთს დედაჩემმა და მამაჩემმა. ბებიამაც ჩაიქირქილა. პაუზა გაიწელა. ველოდებოდი ერთხმად გამოხატულ, ვოკალურ აღფრთოვანებას, როგორც ხდებოდა ხოლმე, როცა ბაღიდან რაიმე ახალ ამბავს სახლში მოვიტანდი.

პაუზა უკვე აუტანელი, მეტიც – დამაბნეველი გახდა. ის მამაჩემმა დაარღვია. უცებ დასერიოზულებული ხმით. და პირდაპირ მე, მის 5 წლის ვაჟიშვილს მომმართა:

– ნიკო, იცოდე რომ ეგ ყველაფერი, რაც ზოია მასწავლებელმა მოგიყვათ ბაღში – ტყუილია. და ეგ ვალოდიაც ძალიან ცუდი კაცი იყო. რომ გაიზრდები, მერე მიხვდები რატომაც. ამიტომ, ეგ აღარ გაიმეორო არასდროს.

ჯერ დავიბენი. მერე უცებ საშინლად გავბრაზდი და მივხვდი, რომ მამაჩემი არ ხუმრობდა. თავი მოტყუებულად და გაბითურებულად ვიგრძენი. პირველად ცხოვრებაში. და უცებ სიბრაზისა და სირცხვილისაგან ხმამაღალი ღრიალი მოვრთე. ძალიან ხმამაღლა და მთელი არსებით. დედაჩემმა ჩამიხუტა და მამაჩემს რაღაც დაუცაცხანა. მე უფრო ხმამაღლა ავტირდი. მამაჩემი ოთახიდან გავიდა. დედაჩემმა ჩემი თავი ბებიას გადააბარა. ახლა იმან ჩამიხუტა და თავზე მოფერებით ჩემს დამშვიდებას შეუდგა. კარს იქიდან კი დედაჩემის და მამაჩემის კამათი მესმოდა. რაღაც ისე მახსოვს, რომ დედაჩემი მამაჩემის ჩემდამი ასეთ დაუნდობელ პირდაპირობას აპროტესტებდა. მამაჩემი არ თმობდა და ამბობდა, რომ სჯობდა სიმართლე დროზე გამეგო თუ რაღაც ამგვარი. მე ვტიროდი და ეს აღარ მაინტერესებდა. ვტიროდი. ხმით. და ვერაფერი მამშვიდებდა – ვერ დედაჩემის ჩახუტება, ვერც ბებიაჩემის ღიმილი და თავზე ხელი. მივხვდი, რომ შეიძლება იმანაც კი მოგატყუოს, ვისაც ძალიან ენდობი – ამ შემთხვევაში ჩემმა საყვარელმა ზოია მასწავლებელმა.

ბოლოს, როგორც იქნა, დავმშვიდდი. მაგრამ ის დღე არასდროს დამვიწყებია. იქიდან დაიწყო იმის შეგრძნება, რომ არსებობს ორი სინამდვილე – ერთი, ოფიციალური, რომელიც ტყუილია და რომელსაც არ უნდა ვენდო. და მეორე – არაოფიციალური, რომელიც სანდოა და მართალი. დაიწყო მტკივნეული, დიდხანს გაუგებარი და გახლეჩილი აღქმა გარშემომყოფი სამყაროსი, სადაც ძალიან დიდხანს „კარგი“ „ცუდი“ იყო, და „ცუდი“ – „კარგი“; სადაც მთავრობა მტერი იყო, და თავისუფლება – უცხო, გაუგებარი და ცოტა საშიში, და ამავე დროს, შინაარსდაკარგული სიტყვა. მოკლედ, საბჭოთა ადამიანის შიზოფრენიულ დიქოტომიას 5 წლის ასაკში ვეზიარე.

ახლა რომ ვუკვირდები, იმ დღემ მეტწილად განაპირობა ის, როგორ ადამიანადაც ვიქეცი მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ეს სულ სხვა მოთხრობის თემაა.

ნიკა რურუა
19 ივნისი, 2018″

ნიკა რურუას მოგონება, რომელიც პირველად ქვეყნდება

ნიკა რურუას მოგონება, რომელიც პირველად ქვეყნდება