Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“თვითმფრინავის ბიჭები” – გმირები თუ დამნაშავეები?

18 ნოემბერი, 2018

"თვითმფრინავის ბიჭები" - გმირები თუ დამნაშავეები?„თვითმფრინავის ბიჭები“ ან „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ – ასე ეწოდა 1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობას.

საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 ქართველის – გეგა კობახიძის, დავით მიქაბერიძის, სოსო წერეთლის, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის, გია ტაბიძის და თინა ფეტვიაშვილის მონაწილეობით გატაცებული იქნა თვითმფრინავი ტუ-134A.

სპეცრაზმის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად, თვითმფრინავი გათავისუფლებული იქნა. ტუ-134 გარედან დაცხრილეს. თვითმფრინავის კორპუსს 108 ნატყვიარი ჰქონდა. თვითმფრინავში 57 მგზავრი იმყოფებოდა, ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგებოდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლის 18/19 ნოემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან წლები გავიდა, ეს ამბავი კვლავ ახსოვს საზოგადოებას და დღემდე მიდის დავა იმაზე, თუ ვინ იყვნენ თვითმფრინავის ბიჭები – გმირები თუ დამნაშავეები…

“არტინფო” გთავაზობთ ირაკლი ჩარკვიანისა და რუსი გამომძიებლის საუბარს, სადაც ირაკლი ამტკიცებს, რომ თუ ის ვერ გაფრინდება, მაშინ აუცილებლად გადაცურავს ზღვას:

“– თქვენ რატომ არ შემოგთავაზეს მათთან ერთად გაფრენა?
– ვინ?
– თუნდაც გეგამ, ის ხომ თქვენი უახლოესი მეგობარი იყო?
– რატომ – იყო, გეგა ახლაც ჩემი უახლოესი მეგობარია.
– მაპატიეთ, ცუდად გამომივიდა. იმედია ისეთ რამეს არ იგულისხმებთ, რისი თქმაც არ მინდოდა.
– რისი თქმა გინდოდათ?
– იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის მართლა გაუგებარია, რატომ არაფერი გითხრათ გეგამ, ის ხომ თქვენ კარგად გიცნობდათ. მაპატიეთ, კარგად გიცნობთ.
– კარგად რომ მიცნობს, იმიტომაც არაფერი მითხრა, იცოდა, რომ უარს ვეტყოდი.
– რატომ, დავიჯერო ისე მოგწონთ საბწოთა კავშირი, რომ ვერ უღალატებდით?
– მგონი თქვენთან საუბრისას არცერთხელ არ გამომიხატავს ჩემი სიმპატიები საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ დისიდენტიც არ ვარ და არც მინდა, რომ ვიყო.
– მეც სწორედ ეგ მაინტერესებს და მაგის გაგება მსურს, რა პრინციპით შეარჩიეს თვითმფრინავის გამტაცებლები და თქვენ, როგორც გეგას უახლოესი მეგობარი, რატომ არ აღმოჩნდით მათ შორის.
– ხომ გითხარით უკვე, გეგამ ოცოდა, რომ მე უარს ვეტყოდი.
– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
მე გადავცურავ ზღვას…”