Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ტარიელ ხარხელაური: “გამოიღვიძეთ ქართველებო!”

28 ნოემბერი, 2018

ტარიელ ხარხელაური: "გამოიღვიძეთ ქართველებო!"– გამოიღვიძეთ ქართველებო! – სამშობლოს ვკარგავთ, ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია… – ასე მიმართავს პოეტი ტარიელ ხარხელაური თანამემამულეებს:

“დღეს ჩემი ქვეყნის ყველა ძარღვი არის გახსნილი,
და შეუწყვეტლივ მოდის სისხლი ყველა წყლულიდან,
დგას საქართველო დაბზარული და, თავდახრილი,
სხვა საქართველო შემომკვნესის ღრმა წარსულიდან.
იმ სქართველოს დღევანდელი არაფრით არ ჰგავს,
იმ საქართველოს ახლანდელი აღარც ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! – სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ… უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია.
ვერ შევეგუე ჩემს მამულში სხვა თესლის წანწალს,
არ ეკადრება არც მამულს და არც ჩემს ღირსებას,
სამშობლოს იქით სიყვარული მამულის არ მწამს,
კვნესის გული და სინანულის ცრემლით ივსება.
ვოი მამულო, გაძარცვულო უფლის ტაძარო,
ვოი მამულო, რა მწუხარედ რეკვენ ზარები,
ყველა კარები ჩამოხსნილი მხვდება საძვალის
და ძვალთა ნაცვლად აკლდამებში ჰყეფენ ქარები.
ვოი მამულო, დანაცრულა ყველა მზე თუკი
არ განკურნულა ყველა წყლული შენი ღიობის,
შენ თუ არ იქენ, მტვრად ქცეულა მსოფლიო რუკა,
მთელი სამყარო ამ შეშლილი კაცობრიობის.
შენში ვარ – უფრო მენატრები, უფრო მწყურიხარ,
მწუხრისას შენ წინ მუხლს ვიდრეკ და მკერდზე გეხები,
ვოი მამულო, ტკივილებით ისე სრული ხარ,
ჭრიალი მესმის დაღუნული შენი ხერხემლის.
დავიღალე და, შენც დაგღალე მოთქმით, გოდებით,
იმედი უფლის – სხვა საშველი არ ჩანს არსაით,
გავდივარ შენგან, საწყისს ჩემსას ვუახლოვდები,
და მიმაქვს გული, მიმაქვს გული ცივი ქვასავით
-შუაღამეა, ფერგადასულს შევყურებ ცარგვალს,
დედამიწაზე გალეული მთვარის ჩრდილია,
გამოიღვიძეთ ქართველებო! – სამშობლოს ვკარგავთ,
ვკარგავთ თუ … უკვე დავკარგეთ და, გარდაცვლილია…”