რეჟისორ თემურ ჩხეიძეს 18 ნოემბერს 75 წელი უსრულდება.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიდ მაესტროსთან შეხვედრა შედგა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სცენაზე ერთმანეთს მისი მეგობრები, კოლეგები და მოწაფეები ენაცვლებოდნენ.
თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა თემურ ჩხეიძეს სპეციალურად მისთვის დამზადებული გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის ჯილდო გადასცა.
თბილისის თეატრებს შორის მოზარდი იყო პირველი თეატრი, სადაც ბატონმა თემურმა 1967-1970 წლებში არაერთი სპექტაკლი დადგა, მათ შორის პირველი ნამუშევარი გახლდათ „რომეო და ჯულიეტა წყვდიადში“.
მოზარდ მაყურებელთა თეატრი ულოცავს ბატონ თემურს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და მრავალ წარმატებულ დადგმას.