16 ნოემბერი, 2018

მიხეილ ზაქარიაშვილი: “მიგდებულია კულტურა!”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "ხმა ამოიღეთ!"– მიგდებულია კულტურა, არსად არაფერი არ ტარდება. მოვა ერთი პარტია ხელისუფლებაში და რაღაც ჯგუფი მათთან ერთად გამოჩნდება დიდი მხარდაჭერით, მოვა მეორე და ახლა მათი მომღერლების და ხელოვანების ჯგუფი გამოჩნდება და სამარცხვინო, ხელოვანისთვის მიუღებელი მლიქვნელობით ეფერება ხელისუფლებას, რომ ლუკმა-პური სამადლოდ გადაუგდონ, ამიტომაც ვერ, ან უფრო სწორად არ აფიქსირებენ თავიანთ მოქალაქეობრივ სიმართლეს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით! – მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი პოლიტიკის გამო ჯგუფებად დაყოფილ ხელოვანებზე წუხს:

“ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩემი ასაკის ხალხი და ჩემზე ოდნავ უმცროსებიც ყველა დავიბადეთ და გავიზარდეთ სსრკ- კომუნისტურ იმპერიაში, სადაც ჩაკეტილი იყო საზღვრები და უმაღლესი განათლების მიღებისთვის შეგვეძლო მხოლოდ ამ საზღვრებში გაგვერგძელებინა სწავლა და მოღვაწეობა! ჩვენი მამები და პაპები იყვნენ კომუნისტები, ჩვენც კომუნისტების მიერ დაარსებულ სკოლებში ვსწავლობდით, ვიყავით ოქტომბრელებიც, კომკავშირელებიც და პიონერებიც, გვინდოდა ეს თუ არა და არამც და არამც ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამის უნდა შეგვრცხვეს, არც იმას ნიშნავს, რომ ვინმეს ნაკლებად უყვარდა თავისი ქვეყანა, კიდევ ვიმეორებ, თუმცა ბევრს არ უნდოდა, მაგრამ სხვანაირად კარიერული წინსვლა გამორიცხული იყო!

მამაჩემიც იყო კომუნისტი და ახლა ამისი უნდა მრცხვენოდეს? იყო, მაგრამ 9 აპრილს დაწვა თავის პარტბილეთი კიდევ უამრავ ადამიანთან ერთად! ეს იყო სიმბოლური აქტი, მათ გააპროტესტეს 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია და თანაც შეგნებულად თქვეს ამ ჟესტით კომუნისტურ წყობაზე უარი, მათ დააფიქსირეს ნება, რომ ჩვენ გავხდით უკვე თავისუფალი ქვეყანა და ხვალიდან უნდა გავხდეთ თავისუფალნი! აქედან იწყება ათვლა თავისუფალი ქვეყნის შვილების ყველა იმ დროს დაბადებულ-გაზრდილი ადამიანების დემოკრატიულ ქვეყანაში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ!

რა ხდება ახლა? ეს არის საინტერესო გამოვედით კი ამ კომუნისტური აზროვნებიდან? მე ვფიქრობ რომ არა! აბა რას ნიშნავს თუ რომელიმე პარტიის წევრი არ ხარ, შენი კარიერა განწირულია მარცხისთვის. მაგალითად, ჩემი პროფესია მომყავს. დააკვირდით რა ხდება? თითეულ პარტიას ჰყავს მხარდამჭერი მომღერლები და ხელოვანები და ამის მიხედვით წყდება ვის გამოაჩენენ საზოგადოებაში და ვინ იმუშავებს 5 ან 10 წლის განმავლობაში და რა ქნან უპარტიოებმა? პირადად მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და ამიტომ ნაციონალებიდან დაწყებული დღემდე ვზივარ სახლში და ვისმენ ჩემი კოლეგებისგან ერთმანეთის ლანძღვა-გინებას! მხოლოდ ეროვნული ხელისუფლების დროს არავის უთქვამს ვისი მხარდამჭერი ვარ და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი მოღვაწეობა ამ სფეროში!

მიგდებულია კულტურა! არსად არაფერი არ ტარდება და მოვა ერთი პარტია ხელისუფლებაში და რაღაც ჯგუფი მათთან ერთად გამოჩნდება დიდი მხარდაჭერით, მოვა მეორე და ახლა მათი მომღერლების და ხელოვანების ჯგუფი გამოჩნდება და სამარცხვინო, ხელოვანისთვის მიუღებელი მლიქვნელობით ეფერება ხელისუფლებას, რომ ლუკმა-პური სამადლოდ გადაუგდონ, ამიტომაც ვერ, ან უფრო სწორად არ აფიქსირებენ თავიანთ მოქალაქეობრივ სიმართლეს პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით!

ვიმეორებ მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ ხელოვანთა არსებობა და მათი ოჯახები, გადაიხდიან ფულს, გამოიყვანენ რამოდენიმე მხარდამჭერი კონცერტით და ეგ არის მათი კარიერა. ასეთი სამადლო, კარიერული დროებითი აღზევება მიუღებელია ჩემთვის, ამიტომაც არიან ასეთი პარტიებს მიბმული ხელოვანები აგრესიულები ერთმანეთის მიმართ და იბრძვიან ამა თუ იმ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთვის!

მე სხვა არაფერი ვიცი, გარდა ჩემი პროფესიისა, როგორ მოვიქცე? ამ სფეროში ყველა უმაღლესი განათლება მივიღე რაც კი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ იმის გამო, რომ არ ვარ არცერთი პარტიის წევრი, ყველა პარტიისგან იგნორს მიკეთებდნენ ყოველთვის და მიკეთებენ დღესაც!

დასკვნა ასეთია: რით განსხვავდება დღევანდელი წყობა კომუნისტური წყობისგან და აზროვნებისგან? მაშინაც აუცილებელი იყო, რომ გამხდარიყავი პარტიის წევრი და ახლაც ჩემი პასუხი ასეთია არაფრით არ განსხვავდება…

ეს უნდა დამთავრდეს! უნდა დამთავრდეს ამ ტიპის ბრალდებები, რომ შენ ეს იყავი შენ ის. ,,საქმემან შენმა გამოგაჩინოსო” ნათქვამია და ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოთქმული აზრის, საქმის და ბრძოლის მიხედვით თავისუფლებისთვის სწრაფვაში და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევაფასოთ ადამიანები და არა წინა ცხოვრებით, სადაც ყველა ერთ ტაფაში ვიწვოდით.”