24 ნოემბერი, 2018

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების ტრიუმფი პარიზში

ხატია და გვანცა ბუნიათიშვილების ტრიუმფი პარიზშიქართველმა პიანისტებმა ხატია და გვანცა ბუნიათიშვილებმა პარიზში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს.

კონცერტს დაესწრო პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

“კიდევ ერთი ბრწყინვალე საღამო აჩუქეს ხატიამ და გვანცამ პარიზს. პარიზის ფილარმონიაში ბოლოს მარტა არგერიხის კონცერტზე ვიყავი, თუმცა ის რაც დღეს დარბაზში ხდებოდა, მანამდე არასოდეს მინახავს…

მინდა გაგიზიაროთ ჩემი განსაკუთრებული შთაბეჭდილება რაველის ვალსზე, რომლის საფორტეპიანო ვერსიაც ორი როიალისთვის ხატიამ და გვანცამ შეასრულეს. ჯერ დავიწყებ იქიდან, რომ 10 წელზე მეტია გვანცა არ მყავდა ცოცხლად კონცერტზე მოსმენილი და დღეს სრულიად განმაცვიფრა – თავისი საოცარი ბგერით, საშემსრულებლო ტექნიკით, საორკესტრო აზროვნებით და ანსამბლურობის შეგრძნებით.

რა ძნელია ხატიას გაუწიო პარტნიორობა და თურმე რა ადვილია მისთვის… თითქოს ეს არა დუეტს, არამედ ერთი ადამიანის შესრულებას უფრო გავდა. სრული ჰარმონია სუფევდა მათ დუეტში. მათი შესრულებით თითქოს რაველის ვალსი კვლავ საორკესტრო ვერსიად დარჩა და მხოლოდ ფორტეპიანოს საშუალებით ააჟღერეს მათ ორკესტრი – სრულფასოვნად ისმოდა ყველა საორკესტრო ფერი, გაიგებდით როგორც სიმებიანი, ასევე ჩასაბერი საკრავების ზუსტ ტემბრსა და ხასიათს, ამ შემთხვევაში ხატია როგორც დირიჟორი, მაესტრო ფლობდა ორკესტრს და ეჭირა წნევა, რომელიც არ დააგდო მთელი ნაწარმოების მანძილზე.

ცალკე აღსანიშნავია საფრანგეთის რადიოს ორკესტრი, რომელმაც პულენკის კონცერტი შეასრულა გოგოებთან ერთად – სრული ბალანსი ორკესტრში, შესრულების მაღალი ხარისხი და ღირსეული თანხლება, გოგოების ორი როიალი კი ერთი ორგანიზმივით ჟღერდა, ისე მოგვაწოდეს მსმენელს, თითქოს ყველაფერი რასაც ვისმენდით უადვილესი, მარტივი და უბრალო იყო. გენიალურობაც ალბათ სწორედ ამაშია…

ამაყი ვარ, მიყვარხართ ჩემო ოქროს გოგოებო!”