Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გელა ბაბლუანი: “ნუ ავიგდებთ მასხრად ემიგრაციაში დაბადებულების „ქართულს“

24 ნოემბერი, 2018

გელა ბაბლუანი: "ნუ ავიგდებთ მასხრად ემიგრაციაში დაბადებულების „ქართულს“რეჟისორი გელა ბაბლუანი ქართულ საზოგადოებას მიმართავს და მეტი აზროვნებისა და დაფიქრებისკენ მოუწოდებს:

“არასოდეს მიფიქრია სოციალურ ქსელებში ჩართვა და აქტიური კამათი, თავს ვიკავებდი ყოველგვარი კომენტარისაგან მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად ვადევნებ თვალს მიმდინარე საარჩევნო პროცესს. ამდენი ზიზღი, ცილისწამება, ყოველ ნაბიჯზე მოღალატის ძახილი, დეფიციტი ყოველგვარი მორალური და ზნეობრივი ღირსების…

რომელი ოკუპანტი მოახერხებდა ქართული საზოგადოების ასე დაყოფას, ამდენი შხამისა და დაუნდობლობის დათესვას?

პატრიოტიზმით აღჭურვილი ნიღბების მიღმა, რუსული პოლიტიკის ძალადობაზე მეტად ერთმანეთი გვძულს ქართველებს, ეს სამწუხაროდ ჩვენი რეალობაა. თუმცა, ამ სიძულვილით დატბორილ ფუნდამენტზე გვინდა ქვეყნის აშენება. წარსულის არასწორმა თუ არარსებულმა ანალიზმა მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე.

შეგვწევს კი ობიექტური ანალიზის უნარი? რათა აღარ დავუშვათ იგივე შეცდომები და ჩამოვყალიბდეთ კონსტრუქციული ხვალინდელი დღისათვის? თუ ვეძახოთ ერთმანეთს მოღალატეები და ყოველგვარი გარე ძალების ჩაურევლად მოვუღოთ ბოლო ჩვენს ქვეყანას და დავაბრალოთ მერე საკუთარი უგუნურება სხვას.
გუშინდელი დღის სწორად ანალიზი არის ნაბიჯი პერსპექტიული მომავლისკენ, ტოლერანრობა კი ერთადერთი გზა ძალადობის ასარიდებლად.

არის თუ არა ზაზა სარალიძე პოლიტიკური მანიპულაციის მსხვერპლი? ან პოლიტიკურად ორიენტირებული? ეს არის მეათე ხარისხოვანი იმ უბედურების ფონზე რაც მან შვილის სიკვდილით განიცადა. არ ღირს არცერთი პოლიტიკური პარტია იმაზე მეტი, რასაც სამართალი ჰქვია. მე არ მჯერა იმ პოლიტიკური ძალის გულთმისნობის ზაზასთან მიმართებაში, რომელმაც სანდრო გირგვლიანი წამებით მოკლა, როგორც არ მჯერა ამ სახელმწიფო სისტემის სრულყოფილების, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ თავად არ კლავს თავის მოქალაქეებს, ვერ მოახერხა კანონის უზენაესობა და სამართლიანობის სრული აღდგენა. სახელმწიფო ვალდებულია იყოს კანონის დამცველი, გარანტორი, ნებისმიერი მშობლის, ადამიანის, მოქალაქის წინაშე. ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაურბოდეს არსებული სამართალდამცავი სტრუქტურები. კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა, ამას ითხოვენ შვილმოკლული მამები და მათი მოთხოვნა უნდა ასრულდეს. ეს არ შეიძლება გახდეს საკამათო საგანი და იქცეს პოლიტიკური ყორნების საჯიჯგნ ლეშად.

ის ხელისუფლება, რომლიც სასტიკად ძალადობდა საკუთარი ხალხზე, ის ტელევიზიები, რომლებიც არ გამოსულან სანდრო გირგვლიანის დედის გვერდზე დასადგომად, დღეს მათ მიერ გაზიარებული სარალიძის ტკივილი არარეალურად მიმაჩნია როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯადოსნური გაქრისტიანება.

ის, ვინც ამ მამების უბედურებით პოლიტიკურ სპეკულაციას ცდილობს, საკუთარი სულის სიმახინჯეს კიდევ ერთხელ ააშკარავებს, მაგრამ ხელისუფლება ამ მამების იგნორით, პოლიტიკური სოვდაგრების მდაბიოებას არ უნდა უტოლდებოდეს.

კამათი ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ცვლის ჩვენს რეალობას? აუცილებელია სწორად გავარკვიოთ და გავაანალიზოთ ეს ტრაგიკული ისტორიული მოვლენა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

„სხვისი შენდამი დამოკიდებულება და აგრესია შეიძლება შენგან დამოუკიდებლად ხდებოდეს მაგრამ შენს რეაქციასა და პასუხზე უკვე შენ ხარ პასუხისმგებელიო“… ეს ეხება ყველა ადამიანს და ათმაგად ხელისუფლებაში მყოფთ. ხელისუფლება არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია, ნამოქმედარზე უპასუხისმგებლობის.

რუზველტი ამბობდა: “უნიათოები ეძებენ თავის გასამართლებელ მიზეზებს, გმირები კი გამოსავალს პოულობენო.”

შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი არ იყოს პირადი სიმპატიებით განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მაგრამ ვთვლი, რომ მას უნდა მიეცეს საშუალება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს მისი მრავალწლიანი გამოცდილება.

ქართველებმა უნდა დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი და ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი ქვეყნის ჯერ გადასარჩენად, შემდეგ კი ასაღორძინებლად. ქვეყანას სჭირდება შეკრული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანთა გუნდი, ახალი მუხტი, ახალგაზრდული ძალა, რომელიც აქტიურად უნდა ჩაერთოს თანამედროვე პოლიტიკაში.

როდესაც მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოს ედგა უმძიმესი პერიოდი, რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა ეს არ იყო სურვილი რუსეთის მონობის, არამედ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ქვეყნის გადარჩენის თვალსაზრისით.

გიორგი სააკაძემ საკუთარი შვილი გაწირა საქართველოს კეთილდღეობისთვის. იმ საერო პირებს სამშობლოს სიყვარული და ვაჟკაცობა ამოქმედებდათ. ისინი ღებულობდნენ ქვეყნისათვის „საჭირო გადაწყვეტილებებს” და არ მოქმედებდნენ პირად ამბიციებსა თუ სურვილებზე დაყრდნობით. ამბიციებით ქმედება, რომელიც შენს შესაძლებლობებს აღემატება არის დამღუპველი, განსაკუთრებით პოლიტიკაში.

საქართველოს სჭირდება გამაერთიანებელი ძალა და არა რადიკალურად შავ პიარზე აგებული ცეცხლზე ნავთის დამსხმელი მედია. პოლიტიკური შეხედულებებისგან დამოუკიდებლად მედია ობიექტურად უნდა ცდილობდეს ერის გაერთიანებას და არა მის კატეგორიებად დაყოფას, ჩვენი დაყოფა ეს მტრის სურვილია.

თავისუფალი მედია არ უნდა ნიშნავდეს თავისუფლად ცილისწამებას. ქართველი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებების გამო ქართველს გაიმეტებს, არ დაზოგავს, მისთვის მთავარი ვერ იქნება საქართველოს მომავალი, ვერც ქართველობა, ეს აქსიომაა. უზნეობის დასამარცხებლად არსებობს ორი გზა, გავხდეთ უფრო უზნეო ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე, ან მოთმინებით და გონებაგამჭრიახობით ვძლიოთ ის.

ადამიანი, რომელსაც სოციალური ქსელში, პირველ გვერდზე უდევს ილია ჭავჭავაძის სურათი, გაფორმებული ცნობილი ილიას ციტატით “სიკეთით სძლიე შენს მტერსა, ერიდე სისხლით ზღვევასა, სულგრძელობითა ძლევა სჯობს სიბოროტითა ძლევასა“ არ მესმის იგივე ადამიანი როგორ ახერხებს კომენტარებში მოუწოდოს, ჩაქოლონ, დახვრიტონ, ჩააძაღლონ მისი ასე ვთქვათ პოლიტიკურად საწინააღმდეგო აზრის მქონე თანამემამულეები. ამ დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ, ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ქართველობას, რომელზეც ასე ვდებთ თავს და რისი სახელითაც ვიბრძვით.

მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს არც ერთი მაგალითი, რომ ფანატიზმსა და რადიკალურ დაუნდობლობას, რომელიმე ერი გამარჯვების და ნათელი მომავლის გზაზე დაეყენებინოს.

მილიონზე მეტი ემიგრანტია ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ნუ ავიგდებთ მასხრად ემიგრაციაში დაბადებულების „ქართულს“. ჩემს შვილს გიორგი ბაბლუანს, რომელსაც დედა ჰყავს ამერიკელი და ცხოვრობს ამერიკაში, აქვს ინგლისური აქცენტი როცა ქართულად საუბრობს. აგრეთვე, ჩემი ძმისშვილები, დისშვილები და ბევრი ჩემი ემიგრანტი მეგობრის შვილი აქცენტით ლაპარაკობს ქართულად. ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია და არ იცის რის ფასად უჯდება ემიგრანტ ქართველ მშობელს მომავალი თაობებისათვის მშობლიური ენის შენარჩუნება, ვთხოვთ თავი შეიკავონ ცინიზმისაგან. უნდა ვამაყობდეთ და ვამხნევებდეთ ქართველებს, რომლებიც აღიზარდნენ უცხო ენაზე, უცხო კულტურაში, მაგრამ შეინარჩუნეს ქართველობა და ქართული ენა. როდესაც არაფერს ვზოგავთ იმისათვის, რომ შვილებს ჩავუნერგოთ საქართველოს სიყვარული, ვასწავლოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, ქართული წერა-კითხვა და ამ ყველაფრის მერე მათ თუ საქართველოში აქცენტის გამო დასცინებენ, ეს იქნება ყველა ქართველი მშობლის დამცირება და ქართველობის შეურაცხყოფა.

ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებაში მოსვლისას ბევრი დადებითი გააკეთა ქვეყნის წინსვლისათვის, მოიშორა კრიმინალური სამყარო, ჩაატარა უამრავი რეფორმა, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკის განვითარებას, მრავალ სფეროში შემოიტანა დინამიკა… მაგრამ მან როცა საკუთარი დადებითი ქმედების მაქსიმუმს მიაღწია, იწყო უკუსვლა. ადამიანის ფუნდამენტური ფასეულობების გათელვით იქცა დიქტატორულ სახელმწიფოდ, სადაც მეფობდა ტერორი, კაცის კვლა და უსამართლობა. არამორალურია მოიაზრებოდეს იმ ხელისუფლების უკან დაბრუნება, რომელიც თავად აღიარებს რომ ჩადიოდა იმავე ქმედებებს, რასაც ოკუპანტი. ანუ თავად ეწეოდა ოკუპაციას და სახლებს ართმევდა საკუთარ მოსახლეობას (რაც უარესია ოკუპანტის ქმედებაზე).

არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ ღირს ქართველი ხალხის სისხლის ფასად.

ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ქართველ ხალხთან ერთად ამ რეჟიმის დასამხობად და ეს არის მისი პოლიტიკური მოღვაწეობის ყველაზე დიდი მიღწევა. მაგრამ, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აღარ არის ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა, ბიზნესმენების რეკეტი და არის აზრის გამოხატვის თავისუფლება, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა და მრავალი დაპირების განხორციელება.
არცერთი სახელმწიფო მოღვაწე საზოგადოებას არ უნდა შორდებოდეს, ხალხის ტკივილი და სოციალური მდგომარეობა თუ სახელმწიფო მოღვაწეთა მთავარი ამოცანა არ არის, მაშინ ისინი ქვეყანას სარგებელს ვერ მოუტანენ. კარდაკარ უნდა იარონ არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ არჩევნების მერეც, საქართველოში არ უნდა შიოდეს და წყუროდეს არცერთ ადამიანს.

განათლება არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, სწორი დიპლომატია – იმედი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ჯანმრთელი პოლიტიკა და კანონის უზენაესობა კი სახელმწიფოებრივი სრულყოფილების.

ქართულმა ოცნებამ დაუშვა არაერთი შეცდომა, რომელთა გამოსწორება შეიძლება, სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, მაგრამ იმას რასაც ნაციონალური მოძრაობის ქმედებათა შავი სია ჰქვია, ვერაფერი გამოასწორებს.

ამდენი განცალკევებული, სხვადასხვა პარტიისა თუ კანდიდატის მხარდამჭერი ღონისძიებების ფონზე, მოვუწოდებდი ყველა ქართველს, არა დამყოფი, არამედ გამაერთიანებელი სახელმწიფოს შენებაში ჩვენი ინდივიდიალური წვლილი შეგვეტანა, ერთმანეთის მიტევებით და ღირსების შენარჩუნებით. ნუ დავაყენებთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს იმაზე მაღლა, რასაც ქართველობა ჰქვია.”