30 ნოემბერი, 2018

ედუარდ უგულავა: “აი, ისევ წვიმს”

ედუარდ უგულავა: "აი, ისევ წვიმს"პოეტ ედუარდ უგულავას ლექსები მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უბრალოდ და გასაგები ენით დაწერილი სტროფები გულგრილს არავის ტოვებს.

“არტინფო” წვიმიან დღეს გთავაზობთ პოეტის ლექსს “წვიმს”, რომელიც ამ ამინდს ყველაზე მეტად უხდება:

“აი, ისევ წვიმს… ოდნავ მოვეშვი…
ააციმციმეს სული სანთლებმა.
კარგია ასეთ სიმყუდროვეში
მსუბუქ ფიქრებთან მოკალათება.
წვიმს… უსათუოდ დიდხანს იწვიმებს…
წვიმს და კარს, ალბათ, აღარ ჩავკეტავ…
ცა ერეკება მწივან წიწილებს,
ღამის სიჩუმის ამოსაკენკად.
წვიმს და იმგვარი ძალით მინდები,
რომ სიკვდილამდე აღარ გამივლის.
შემოაქვს ჰაერს სევდა მინდვრების
და გულისცემა ათას ყვავილის.
წვიმს და არ მიღირს თავთან კამათი,
მაგრამ რა ვუყო ეჭვის ნარჩენებს,
გაჩერებული კედლის საათი
ახლა, როდესაც, სწორ დროს აჩვენებს…
ეშვება წვიმა ნაცნობ ფარდებად
და მინოტივებს სულის მტვრიანებს,
იქ სხვანაირი ღამე ღამდება,
იქ სხვა წვიმების ფარდა შრიალებს.”