17 ნოემბერი, 2018

აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარი

აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარიკუკური მეტრეველი ქართული კულტურული ძეგლების დიდი გულშემატკივარია. მას თითქმის მთელი საქართველო აქვს მოვლილი და სხვადასხვა კუთხეში არსებული ეკლესია-მონასტრები ფოტოობიექტივში აღბეჭდილი.

ფოტოხელოვანი ჯოლდაში კლდესთან არსებულ მომცრო ტაძრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც დღეს აუზად და ნაკვეთების სარწყავად არის გადაქცეული:

“მომიტევეთ, ამ უქმე დღეებში თანაც წინასაარჩევნოდ ისედაც დაძაბულებისთვის არ მინდოდა ხასიათის კიდევ უფრო გაფუჭება, მაგრამ მეტხანს ვეღარ შევძელი ამ უკეთურობის მოთმენა და არგამხელა.

ჯოლდაში, ეს ორიგინალური კლდე ადრეც მაქვს ნანახი. გამოვაქვეყნე კიდეც, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ზედ წამოზრდილ ვაზთან ერთად. თავისი ორიგინალური ფორმების და სტრუქტურის გამო კლდე შორიდანვე იპყრობს ყურადღებას.

ბუნებრივი ძეგლი აღმოსავლეთის მხრიდან კერძო მესაკუთრის შემოღობილ ეზოშია მოქცეული და ზედ ვებერთელა ვაზია გადაჩაჩხული. ზაფხულში როცა იგი გაფოთლილია მთლიანად ფარავს წინა მხარეს და არც კი მიფიქრია, რომ სამხრეთის და აღმოსავლეთის მხრიდან კლდის ძირში მომცრო სალოცავი იქნებოდა გამოკვეთილი, დასავლეთის მხრიდან თაღით და ჩრილოეთით მცირე ნიშით.

როგორც კითხვა-კითხვით გავარკვიეთ 20-25 წლის წინათ ამ სალოცავთან მისვლა ყველას შეეძლო და ბევრი სანთელსაც უნთებდა. საკოლმეურნეო წყობილების მოშლის და მიწების კერძო საკუთრებად დანაწილების შემდეგ ამ კლდის მიმდებარე ტერიტორია ერთი ნაქალაქეველი მოსახლის კერძო საკუთრება გახდა, რომელმაც შემოღობა ნაკვეთი და ტაძარიც შიგ მოაყოლა. „გონიერ“ მეპატრონეს „გასაოცარი გამომგონებლური ნიჭი“ ამოაჩნდა და უფლისა და ხატის უშიშრად სალოცავის ორივე შესასვლელის წინ რკინა-ბეტონით პატარა კაშხლები ამოაშენა, რითაც წმინდა სალოცავის შიდა სივრცე წყლის შესაგროვებელ აუზად გადააქცია! შორიახლოდან მილებით წყალი მოიყვანა, „აუზში“ ჩაუშვა და ყოველ ზაფხულს ეკლესიიაში ნაგროვები წყლით დაიწყო ნაკვეთის რწყვა.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველას თვალწინ, საუკუნეების წინათ ჩვენი წინაპრების მიერ სალოცავად და უფლისთვის შენდობის სათხოვნელად გამოკვეთილი ეს წმინდა ადგილი ერთი ურწმუნო ადამიანის მიერ სარწყავ აუზად გამოიყენება და ვერავინ ვერ გაუბედა პირუთვნელად ამ უკეთურობისათვის შენიშვნის მიცემაც კი!..

არ ვიცი საიდან შეიტყო ამ სამარცხვინო ამბის შესახებ მამა შალვამ, რომელმაც დიდი წუხილით შემომჩივლა და ამ გასაკვირალი ცოდვის ადგილზე მიმიყვანა, რადგან იცის როგორ განვიცდი და განგაშის ზარებს ვტეხავ, როცა ჩვენგან უყურადღებოდ მიტოვებულ უძველეს სხვა აღმსარებლობის ხალხს საკუთარი ატრიბუტები შეაქვთ, ცდილობენ თავიანთ სალოცავებად გადაქცევას და მითვისებას.

ახლა რაღა მეთქმის, როცა ჩვენივე თანამემამულემ თავისივე წინაპრების მიერ საუკუნეების წინათ კლდეში სალოცავად გამოკვეთილი ეს კოპწია ეკლესია წყლით ამოავსო, აუზად გადააქცია და უკვე ათეულობით წელია უდარდელად რწყავს და რწყავს?!

ჯოლდასთან ათასწლოვანი მომცრო ტაძარი, დღესაც სანახევროდ ისევ წყლითაა სავსე და სამუდამოდ „დახრჩობისგან“ გადამრჩენელს ელოდება!”აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარი

 

აუზად და ნაკვეთების სარწყავად გადაქცეული ათასწლოვანი ტაძარი