26 ოქტომბერი, 2018

ოთარ ჭილაძე: “ყველა სამშობლოს ეძებს”

რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით - ოთარ ჭილაძეყველა ქართველი გულში მჯიღის ცემით ამტკიცებს, რომ სამშობლოს ძალიან უყვარს და რომ “საქართველოს გაუმარჯოს” ძახილში ვერავინ შეედრება, თუმცა სამშობლო სულ სხვაა ოთარ ჭილაძისთვის.

“არტინფო” გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს მწერლის რომანიდან „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, რომელიც სამშობლოს არსში საუკეთესოდ გაგვარკვევს:

“ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელი, რადგან აღარ გვახსოვს სად დაიწყო ჩვენი ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც დასასრული.

ჩვენც თავ-გზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე. ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი ჰქვია.”