24 ოქტომბერი, 2018

ოთარ რამიშვილი – კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს

ოთარ რამიშვილი - კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს“ახლა კაცობას ჩემულობს ყველა,
კაცობას აქვს ორი სახელი,
ერთს შეუძლია ელვა და ჭექა
მეორეს უმძიმს თავის გამხელის!” – ეს ოთარ რამიშვილის ლექსია, რომელიც თბილისის კოლორიტმა წლების წინ დაწერა, მაგრამ აქტუალობას დღესაც არ კარგავს.

გულნაზი რამიშვილი, ოთარ რამიშვილის მეუღლე:

“პირველად მოგეწონება, მეორედ შეგიყვარდება, მესამედ მოგბეზრდება და მეოთხედ შეგეზარება” – ეს ოთარის პატარა ლექსია, რომელიც ძალიან მომწონს.

ჩემი მეუღლე ნიჭიერი, იუმორით სავსე, გამორჩეული და ამოუცნობი ადამიანი იყო. სიყვარულს ლექსებით მიხსნიდა. ჩვენ ალბათ ერთმანეთის ბედი ვიყავით. მე ოთარივით ძლიერი გამოვდექი, როგორც ის იყო განსხვავებული, მეც ასეთი ვარ.

ჩვენი სიყვარულის ისტორია პატარა სპექტაკლივითაა. სამტრედიელი ვარ. ოთარი ჩემს მეზობელთან იყო სტუმრად ჩამოსული. თურმე გზაზე გავიარე, დამინახა და მოვეწონე, მაგრამ მეორე ზაფხულს გავახსენდი. სტუმრად ვისთანაც იყო, მას ჰკითხა, შარშან აქ რომ გოგომ გაიარა, ის გოგო ვინ არისო. ჩემმა მეზობელმა უთხრა, ჩემი მეზობელია, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, პატიოსანი გოგოა და სხვანაირად არ შეხედოო. არც გამოუვიდა სხვანაირად შეხედვა. მეორე დღეს მომკიდა ხელი და წამიყვანა თავისთან ჩოხატაურში, სადაც ხელი მოვაწერეთ.
მატარებლით უნდა წამოვსულიყავით თბილისში. ოთარის დედაც გვახლდა. ხაშურში ოთარს შეხვდნენ ძველი მეგობრები. მეტსახელად კვაჭიკოს ეძახიან და უთხრეს, კვაჭიკ, წამო, ვიქეიფოთო. უარი არ უთქვამს, ესეც მიჰყვებოდა. დედამისი გაეკიდა, არიქა, თქვენი ჭირიმე, არსად წაიყვანოთ, ახალმოყვანილი ცოლი ჰყავს და არ დამღუპოთო. ოთარმა დედამისს უთხრა, წაიყვანე გულნაზი სახლში და მოვალო.

რთული ცხოვრება გამოვიარე. არც ერთ ქალს არ აქვს ისეთი ცხოვრება გამოვლილი, როგორიც მე. თუმცა ამის მიუხედავად, არაჩვეულებრივი მოგონებები შემომრჩა. ღამე ბალიშზე რომ დავდებ თავს და განვლილ ცხოვრებას ვავლებ თვალს, რაოდენ რთულიც უნდა იყოს, მაინც სიამოვნებით ვიხსენებ წარსულ წლებს.

ჩემი ცხოვრებით არასდროს მიცხოვრია, ოთარის ცხოვრებით ვცხოვრობდი და ამიტომ ვპატიობდი ყველაფერს. ოთარი მარტო ოჯახს არ ეკუთვნოდა, ის მთელ საქართველოს ეკუთვნოდა. მას ნებისმიერი ადამიანი უყვარდა. სიყვარულს ყველანაირად გამოხატავდა, ეხმარებოდა ჭირშიც და ლხინშიც.

ჩვენი კამათის მიზეზი ძირითადად სასმელი იყო. რომ გამაბრაზებდა და წასვლას დავაპირებდი, აუცილებლად მის წიგნს გადავშლიდი, ლექსებს წავიკითხავდი და წასვლასაც გადავიფიქრებდი. ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა, თქვენს ნაკლზე რას მეტყვითო. ოთარმა უპასუხა, ჩემი ნაკლი ის არის, რომ ნაკლი არ მაქვსო. ერთხელ ჩვენთან ახლობელი მოვიდა და უთხრა, ოთარ, რა კარგად გამოიყურები, როგორი დალაგებული სახე გაქვსო. ოთარმა უპასუხა, დღეს კი ვარ დალაგებული, მაგრამ გუშინ ვიყავი შელაგებულიო.

ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ის ლექსები იყო, რომლებსაც მიძღვნიდა. დაწერდა, მაგიდაზე დადებდა და სახლიდან ისე გავიდოდა. ამ ლექსებს რომ წავიკითხავდი, ყველაფერი მავიწყდებოდა.”