13 ოქტომბერი, 2018

ლაშა ბუღაძე: “პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება!”

ლაშა ბუღაძე: "პოლიტკიოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება!"ეს განცხადება მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ფრანკფურტში ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა.

ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი პრემია “საბა” ლაშა ბუღაძის წიგნს “პატარა ქვეყანა” გადაეცა.

ლაშა ბუღაძე:

“ეს პატარა ქვეყანა – საქართველო ჩვენთვის, როგორც მწერლებისთვის და ადამიანებისთვის, ძალიან სათუთია. ეს პატარა ქვეყანა არის რაღაცნაირად პრინციპის განსახიერება ჩემთვის.

ქართული ლიტერატურა 15 საუკუნეს ითვლის. ქართული ლიტერატურა დაიწყო იაკობ ხუცესის “შუშანიკის წამებით”. ამბავი არის პრინციპზე, რწმენაზე, სადაც ადამიანი იცავს ექსპანსიისაგან, აგრესიისაგან საკუთარ რწმენას, საკუთარ სიმართლეს, საკუთარ ჭეშმარიტებას, იმ შემთხვევაში ქრისტიანობას, და ზოგადად ღრებულებებს. როგორც შუშანიკს თავს ესხმის იმპერია და იმპერიები, დღემდე გრძელდება თავდასხმა საქართველოზე ველური ძალებისგან და კონკრეტულად დღევანდელი პუტინის რუსეთისაგან.

ჩვენ, დღევანდელი ლიტერატურა ვცდილობთ, რომ რეფლექსირება მოვახდინოთ ამ პრობლემისა და რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ, გარდა იმისა, რასაც აღვწერთ ჩვენ ესთეტიკური თვალსაზრისით, როგორც მხატვრულ ლიტერატურას, მივიტანოთ ჩვენი ამბავი, რომ ჩვენ ვარსებობთ და რომ ჩვენ გვჭირდება გაფრთხილება. და რომ ეს პატარა ქვეყანა არის დიდი კულტურის მქონე და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მეორე ძალიან დიდ ქვეყანას, ბევრი ჩვენთაგანისთვის სულიერ სამშობლოს – გერმანიას, რომელმაც ასეთი დიდი შესაძლებლობა მოგვცა ჩვენ რომ გაგვეფართოვებინა ლიტერატურისა და, ზოგადად, საქართველოს კულტურის საზღვრები.

100 წლის წინაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა სწორედ გერმანიის ძალიან დიდი მხარდაჭერით და გერმანია იყო 100 წლის წინ ის ქვეყანა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

ჩემს ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ საინტერესო ხდება და ჩემს კოლეგებს, პოეტებს, მწერლებს უღრმეს მადლობას მოვახსენებ, მათი მკითხველი ვარ და გარწმუნებთ, ბევრი ამბავი გვაქვს მოსაყოლი. ქართული ლიტერატურა არის, ძალიან გულწრფელი, ძალიან მართალი, ქართული ლიტერატურა ყოველთვის რეფლექსირებს ძალიან სამართლიანად თავის დროს. ახლაც, როცა ჩვენს წიგნებს წარვადგენთ, ჩვენ ვლაპარაკობთ, ვახსენებთ ასევე იმ დიდ ქართველ მწერლებსაც, რომელთაც ისტორიული უსმართლობის გამო და რკინის ფარდის გამო, რომელიც ჩამოკიდეს ბოლშევიკებმა საქართველოსა და დანარჩენ სამყაროს შორის, მათ 70 წლით დააგვიანეს ევაროპაში მოსვლა. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს წიგნებთან ერთად 37 წელს დახვრეტილ მიხეილ ჯავახიშვილზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ტრაგიკული ბედის მქონე გალაკტიონ ტაბიძეზე და უამრავ ავტორზე, რომლებიც წლები და წლები ელოდნენ ამ დიდ შესაძლებლობას, რომ დღეს აქ მოსულიყვნენ და ჩვენს წიგნებთან ერთად მათაც წარვადგენთ როგორც დებიუტანტებს, დავით კლდიაშვილს თუ თუნდაც შოთა რუსთაველს.

ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემური ამბავი გვაქვს მოსაყოლი რაც საქართველოშიც ხდება და ქართველი მწერალი ყოველთვის იქნება იქ, როგორც აკა მორჩილაძემ თქვა, სადაც შესაძლოა ყველა არ იყოს, სადაც ყველაა, იქ არ იყოს მწერალი, მაგრამ ბოლოს ყველა მოგროვდება, სადაც ქართული ლიტერატურაა.

ქართველი მწერალი ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას. ხშირად შეიძლება ეს იყოს ძალიან მიუღებელი კონკრეტული ადამიანებისათვის, რომლებიც კონკრეტულ პრობლემებს ქმნიან ხოლმე საქართველოში მწერლებისათვის და ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა პარადოქსებით არის სავსე. ამ დღეების განმავლობაში ვუყურებ ადამიანებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგნენლებს, რომლებიც კეკლუცობენ ხოლმე ქართველი პოეტების პლაკატებთან ერთად, მაშინ, როდესაც იგივე ქართულმა ხელისუფლებამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ზვიად რატიანის – თანამედროვეობის დიდი ქართველი პოეტის ბედზე და დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნებს კითხულობენ, დღეს აქ ზვიად რატიანის წიგნების პრეზენტაციები ხდება, მაგრამ ზვიად რატიანს მოუხდა საქართველოდან წასვლა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი რეაქცია არ მისცა საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ეს ეხებათ ასევე ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც ეხლაც კი კეკლუცობენ პოეტებთან. აგერ იდგა ზურაბ რთველიაშვილი, რომელსაც ასევე ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა რამდენიმე წლის წინ წინა ხელისუფლების მიერ.

ასე რომ, ქართველი მწერალი ყოველთვის, მიუხედავად ყველაფრისა, თავის სიტყვას იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს! პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება!”