2 ოქტომბერი, 2018

გოდერძი ჩოხელი – ადამიანთა სევდა

გოდერძი ჩოხელი - ადამიანთა სევდა“- თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას…

– რატომ?

– ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ _ გუდამაყრის ხეობაზე…“ – ასე იწყებს თავის რომანს  “ადამიანთა სევდა” მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი:

“ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ _ გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.

აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო,
იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.

ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება – ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არც ერთი აქვს და არც მეორე.. დედამიწა მისი ერთი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი მოთხრობების ქვესათაური…”